ტაირიკ ჰილის ოლიმპიური გეგმები

30 იანვარი 2020

მსოფლიო სპორტის ისტორიაში სხვადასხვა სახეობის შეთავსების არაერთი მაგალითი არსებობს. უკანასკნელი და ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მათ შორის ჩეხი ესტერ ლედეცკაა, რომელსაც ერთი ოლიმპიადის ფარგლებში, ფიონგჩანში, სნოუბორდის პარალელური სლალომის სრულიად მოსალოდნელი და სამთო სათხილამურო სუპერ გიგანტის სენსაციური ოქროები ეკუთვნის.

კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა ლეგენდარული ყატარელი რალისტი, მილიარდერი შეიხების  ოჯახში დაბადებული ნასერ ელ–ატიაა, რომელმაც რომელიმე პირადი კუნძულის ოქროს ქვიშებზე კოკტეილის წრუპვას, აფრიკული უდაბნოების ქვიშების რალის მანქანით სარეკორდო სისწრაფეებზე გადალახვა ამჯობინა და დაკარის სახელგანთქმული და ხშირად ტრაგიკული რალი სამჯერ მოიგო. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე კი სკიტში (სროლის ერთ–ერთი სახეობა) თოფით ხელში ყველა თეფში დაამსხვრია, რაც კი ახლო–მახლო გაისროლეს და ყატარს იშვიათი ოლიმპიური ბრინჯაო მოუტანა.

ტაირიკ ჰილი არანაკლებ საინტერესო რეკორდს დაუმიზნებს. „კანზას სიტის“ რესივერი, რომელსაც რამდენიმე დღეში „სუპერ ბოულის“ თამაში ელის, აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე ამერიკის მძლეოსნობის სპრინტერულ ნაკრებში მოხვედრას სცდის.

საქმე ისაა, რომ ჰილი სათამაშო სპორტების სახეობებში, ყველაზე სწრაფ ათლეტად ითვლება.

არც თუ უსაფუძვლოდ...

ამერიკულმა მედიამ, რამდენჯერმე, ჰილის და  კილიან მბაპეს 50 მეტრზე შეჯიბრების იდეა გამოთქვა, მაგრამ იმის გამო, რომ მათი სეზონები ერთმანეთს ნაკლებად ემთხვევა,(და სავარაუდოდ იმის გამოც, რომ ორივე სპორტსმენის მხრიდან მოთხოვნილ საკმაოდ მრგვალ ციფრებს ESPN–ის უძირო ჯიბეებიც ვერ გაწვდება) ამ წამოწყების სისრულეში მოყვანა დიდად რეალური არ  ჩანს. თან მბაპეს ალბათ მცირე ფორაც დაჭრდება.

ტაირიკ ჰილის, ისევე როგორც ყველა რესივერის პირადი სტატისტიკა, თავიდან ბოლომდეა დამოკიდებული კუოტერბეკზე, რომელიც ჰილს მსოფლიოში საუკეთესო ჰყავს პატრიკ მაჰოუმსის სახით. შესაძლოა ამის გამო, არც ერთი ამერკული მედიაგიგანტი ჰილს მსოფლიოს 5 საუკეთესო მიმღებს შორის არ ასახელებს, თუმცა მისი სეზონური სტატისტიკა მაინც შთამბეჭდავია: 860 იარდი მიღებაზე და 7 ტაჩდაუნი და ეს სულ რაღაც 9 შეხვედრაში.და თუმცა მაჰოუმსის პასებით ერთი–ორ ტაჩდაუნს ალბათ მეც კი შევაგორებდი ხვნეშა–ხვნეშით, ეს მაინც საკმაოდ სოლიდური რეზულტატია.

ჯორჯიაში (სამწუხაროდ არა იმ ჯორჯიაში, ჩვენ რომ გაგვახარებდა და მას ალბათ ყველა პერსპექტივას მოუსპობდა) დაბადებულმა 25 წლის ჰილმა, კარეირა სწორედ მძლეოსნობაში დაიწყო და მისი მიღწევები საკმაოდ სერიოზული იყო.

2012 წლის ბარსელონაში გამართულ იუნორების მსოფლიო ჩემპიონატზე ჰილმა გუნდური ოქრო და პირადი ვერცხლი აიღო 200 მეტრზე სირბილში. ერთადერთი, ვინც ჰილი დაამარცხა, მომავალი მსოფლიო ჩემპიონი, იმ დროს ჯერ კიდევ აზერბაიჯანელი,  რამილ გულიევი აღმოჩნდა.

19  წლის ასაკში, ჰილმა 100 მეტრზე დისტანცია ერთ–ერთ საუნივერსტეტო სტარტზე 9.98 წამში დაფარა. ის დღემდე ერთადერთი წამომადგენელია სპორტის სხვა სახეობიდან, რომელმაც მძლეოსნობის სამეფო სახეობაში 10 წამიდან გამოსვლა შეძლო.

თუმცა იმის შემდეგ, რაც ჰილმა ამერიკული ფეხბურთის უამრავი სკაუტის თვალწინ, 40იარდიანი დისტანცია, ბურთით ხელში, 4,25 წამში გაირბინა, მისი მომავალი უკვე გადაწყვეტილი იყო. მან უფრო წარმატებული, ფულიანი და მომგებიანი სახეობა აირჩია (ნეტავ რატომ) და გამოიცნო კიდეც. 25 წლის ასაკში ჰილს უკვე 6 მილიონამდე აქვს გამომუშავებული სუფთა ხელფასის სახით. მძლეოსნობაში მას დაახლოებით 75 ოლიმპიური ოქროს მოგება დაჭირდებოდა ამდენივეს გასაკეთებლად.

ამერიკას, როგორც ყოველთვის, სუპერნაკრები ეყოლება ოლიმპიადაზე. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, სკანდალური, დოპინგზე თითქმის ჩავარდნილი, მაგრამ საბოლოოდ ფედერაციის მხრიდან გამოძვრენილი კოულმენის გარდა, ლაილზიც იქნება. ყველა ნაკრებს, ოლიმპიადაზე, კვოტა ოთხკაციანი აქვს. შესაბამისად დარჩენილი ორი პოზიციისვის ბრძოლა ივნისში გასამართ ამერიკის შიდა ჩემპიონატზე გაიმართება.

 ჰილი უშანსოდ ნამდვილად არ იქნება, თუმცა წინა ოლიმპიადაზე შტატების გუნდში მოხვედრილი ოთხივე მორბენალი 9.95–იდან გამოვიდა. ჰილსაც პირადი რეკორდის გაუმჯობესება მოუწევს.  

იქამდე კი ჰილი მაჰოუმსს „სუპერ ბოულის“ მოგებაში უნდა დაეხმაროს, როგორც მინიმუმ ხელი მაინც არ შეუშალოს. მაჰოუმსს წესით ესეც უნდა ეყოს.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები