ჯო ბაროუმ „ლუიზიანა სტეიტს“ ნანატრი ტიტული მოაგებინა

23 იანვარი 2020

NCAA–ს ამერიკული ფეხბურთის სტუდენტური ლიგის ფინალი, წლის ერთ–ერთ მთავარ სპორტულ მოვლენად ითვლება შეერთებულ შტატებში. ნაციონალური ტიტულისთვის ბრძოლა „ნიუ ორლეან სეინტსის“ საშიანაო სტადიონზე, „მერსედეს ბენც სუპერდომზე“ გაიმართა და ის ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გახსნა. სტადიონზე სულ 78 132 გულშემატკივარი იყო, რაც მის 45–წლიან ისტორიაში მეორე შედეგია, 1982 წლის „როლინგ სტოუნსის“ კონცერტის შემდეგ. საერთო სატელევიზიო აუდიტორიამ კი 300 მილიონამდე შეადგინა.

ფინალი, რომელშიც „ლუიზიანა სტეიტი“ „კლემსონს“ დაუპირისპირდა, თავიდანვე მოწოდებული იყო, როგორც ორი კუოტერბეკის, მომავალი ორი სეზონის დრაფტების პირველი ნომრების, ჯო ბაროუსა და ტრევორ ლოურენსის დუელი.

„ლუიზიანას“ გამთამაშებელმა, მეოთხეკურსელმა ჯო ბაროუმ, ფენომანალური სეზონი ჩაატარა და რამდენიმე რეკორდიც დაამყარა. მაგალითად, ნახევარფინალში, „ოკლაჰომასთან“ შეხვედრაში, ბაროუმ გუნდს პირველსავე ტაიმში 493 იარდი და 7 სატაჩდაუნე პასი მისცა. ბაროუ ფინალს, სეზონის ჰაისმენ ტროფის (MVP–ის), საუკეთესო კოუტერბეკის და საუკეთესო შემტევის წოდებებით შეხვდა.

ტრევორ ლოურენსი, რომლის „კლემსონიც“ მოქმედი ჩემპიონი და ბოლო 5 ფინალის 4–გზის მონაწილე იყო, ასევე საოცარი სტატისტიკით მივიდა ფინალამდე. ლოურენსმა გუნდს ტიტული შარშან მოაგებინა და წლევანდელ გადამწყვეტ მატჩს კარიერის 25:0 წაუგებელი ბალანსით შეხვდა.

ფინალი „ლუიზიანა სტეიტმა“, რომელიც მატჩის მცირე ფავორიტად ითვლებოდა, დიდი ანგარიშით, 42:25 მოიგო. ტრევორ ლოურენსის 234 იარდს და 0 ტაჩდაუნს არანაირი შანსი არ ჰქონდა ბაროუს 463 იარდისა და 5 ტაჩდაუნის წინააღმდეგ.  ჯამარ ჩეიზმა და ჯასტინ ჯეფერსონმა ბაროუს პასებით, ჯამში თითქმის 350 იარდი მოუტანეს გუნდს.

ბაროუმ „ლუიზიანა სტეიტს“ 2011 წლის შემდეგ პირველი და ჯამში მეექვსე ნაციონალური ტიტული მოაგებინა. 2020 წლის დრაფტზე ის 99% –იანი ალბათობით, NFL–ის გასული სეზონის უკანასკნელი გუნდის, „ცინცინატი ბენგალზის“ პირველი პიკი და მომავლის მთავარი იმედი გახდება.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები