ედი ჯოუნსი აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს

08 აპრილი 2020

ედი ჯოუნსი აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს

 

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნსმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ედი დაპირდა ჟურნალისტებს, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის „ალისფერი ვარდების“ ამჟამინდელი შემადგენლობის 60%-ს შეცვლის ახალგაზრდა მორაგბეებით.

„ჩემი აზრით ინგლისის ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობა კიდევ ერთ მსოფლიო თასს წარმატებით ვერ ჩაატარებს. მინდა, რომ მხოლოდ უაღრესად მნიშვნელოვანი მორაგბეები დავიტოვო, დანარჩენებს ჩავანაცვლებთ ახალგაზრდებით.“

ჯოუნსს ძალიან უყვარს სელექციის ჩატარება და 30-ს გადაცილებული მორაგბეების ახალგაზრდებით ჩანაცვლება. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ იაპონიის მსოფლიო თასი, რომელზეც „ალისფერი ვარდების“ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ისეთი გამოცდილი მორაგბეები, როგორებიც არიან მაიკ ბრაუნი, დენი ქეა და კრის რობშოუ, გამუდმებული ტრავმების ფონზე კონკურენციიდან ამოვარდა დილან ჰარტლი, სამაგიეროდ შემადგენლობაში გამოჩნდნენ ტომ ქარი და სემ ანდერჰილი.

„მიმდინარე სეზონში ჩვენ უკვე შევცვალეთ შემადგენლობის 20%, მომდევნო სეზონში კიდევ 20%-ს ჩავანაცვლებთ, 2022-ში მორიგ 20%-ს და საფრანგეთში გასამართ მსოფლიო თასს ახალგაზრდული გუნდით შევხვდებით. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენ რაგბის ისტორიაში გავხდით ყველაზე ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ფინალში გავიდა, თუმცა ცვლილებები მაინც საჭიროა “- განაცხადა ავსტრალიელმა სპეციალისტმა.

გაცნობებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის ჩატარების პერიოდში 30-ს გადაცილებულები იქნებიან ისეთი მორაგბეები, როგორებიც არიან მაკო ვუნიპოლა, ჯეიმი ჯორჯი, ოუენ ფარელი და ჯონი მეი, ხოლო ბენ იანგსს და კორტნი ლოუზს საერთოდ 34 წელი შეუსრულდებათ.

„ალისფერ ვარდებში“ ყოველწლიური აფდეითი გველოდება.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები