ოცწლიანი ბოსტონური მოგზაურობა დასრულებულია

17 მარტი 2020

ბრეიდიმ „ნიუ–ინგლენდი“ დატოვა.

6 მოგებული სუპერბოული, 41 საპლეიოფო მატჩი, სუპერბოულების 4–გზის MVP. ბრეიდიმ „პატრიოტები“ ამერიკული სპორტის ისტორიაში ერთ–ერთ უდიდეს გუნდათ აქცია.

ბრეიდიმ ბოსტონში 20 წელი გაატარა, რაც ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ნებისმიერი კუოტერბეკისთვის საუკეთესო შედეგია.

„ჩვენი გუნდი ყოველთვის უმაღლეს სტანდარტებს აყენებდა პროფესიულ სპორტში, ასე იყო ჩემთან ერთად და ვიცი, ასე იქნება ჩემს შემდეგ.

ეს საუკეთესო ორი ათწლეული იყო, რისი წარმოდგენაც კი შემეძლო. უდიდესი მადლობელი ვარ ქალაქ ბოსტონის და გუნდის, იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ორადორი გრძნობა მაქვს ‘ნიუ–ინგლენდისადმი’ – მადლიერება და სიყვარული. ეს საოცარი შეგრძნებაა, მინდა რომ ყველა ადამიანმა თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოცადოს რამე მსგავსი.

არ ვიცი რა გზა მომელის წინ, მაგრამ დროა ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო.“ ნათქვამია ბრეიდის ინსტაგრამში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯერ–ჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელ გუნდში გადავა 42 წლის კუოტერბეკი. ძირითად ვარიანტებად „ტამპა ბეი“, „კაროლინა პანტერზი“ და „ლოს ანჯელეს ჩარჯერზი“ სახელდებიან.

ბრეიდის წასვლა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის „ნიუ–ინგლენდსაც“. იმის გამო, რომ ბრეიდის 2019 წელს ხელმოწერილი ორწლიანი კონტრაქტიდან მეორე სეზონი მოთამაშის კონტრაქტზე ჰქონდა, ბოსტონური გუნდის სახელფასო ჭერში 13,5 მილიონი გაიყინება, „პატრიოტებს“, დიდი ალბათობით, აღარ დარჩებათ ახალი ვარსკვლავური გამთამაშებლის აყვანის შესაძლებლობა და სავარაუდოდ, 23 წლის სათადარიგო კუოტერბეკზე, ჯარეტ სტიდჰემზე მოუწევთ აქცენტის გაკეთება.

2000 წლის დრაფტის მე–6 რაუნდის 199–ე პიკს, ტომ ბრეიდის, არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი მიზანი NFL–ში 45 წლამდე დარჩენაა.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები