ტრამპი ლეგენდებს გაუთანაბრდა

03 მარტი 2020

ინგლისურ საუზპორტში გამართულ „ქორალ სერიის“ ფარგლებში დადეგმილი სამი ტურნირიდან მეორე – „Coral Players Championship–ის“ ფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩეპიონმა, ჯად ტრამპმა, ჩინელი ტალანტი, იან ბინტაო, 10:4 დაამარცხა და სეზონის მეხუთე ტიტულიც აიღო.

ამგვარად ტრამპმა 125 000 ფუნტი სტერლინგი და ამდენივე სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. გარდა ამისა, ის ლიდერობს სამი ტურნირისგან შემდგარ „ქორალ სერიას“, რომლისთვისაც ბონუსი 200 000 ფუნტი სტერლინგია.

„Coral Players Championship––ში“ სეზონური რეიტინგის 16 საუკეთესო მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ტრამპი პირველი სესიის მიმდინარეობისას 6:1–საც იგებდა, რის შემდეგაც 20 წლის ჩინელმა ზედიზედ სამი ფრეიმი აიღო, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო და 4:10 წააგო, დასჯერდა რა მეორე ადგილისთვის გათვალისწინებულ 50 000 ფუნტს და ამდენივე სარეიტინგო ქულას.

მსოფლიოს პირველი ნომერი, ამ მოგებით, გაუთანაბრდა სტივენ ჰენრის, რონი ო’სალივანს, მარკ სელბისა და დინ ჯუნჰუის, რომლებსაც ასევე აქვთ ერთი სეზონის ფარგლებში ხუთ–ხუთი ტიტული აღებული. თუმცა თუ სელბიმ და დინმა ეს სეზონში დაგეგმილი 19–19 ტურნირის ფარგლებში შეძლეს, რონი ო’სალივანმა სეზონში 17 ტურნირის ფონზე, წელს კი ტრამპს ამ მიღწევისთვის სულაც 20 ტურნირი ჰქონდა, სტივენ ჰენრიმ ეს მაშინ შეძლო, როდესაც სეზონში სულ 7 ტურნირი იმართებოდა.

ტრამპს ერთპიროვნული რეკორდის დასამყარებლად, სეზონში დარჩენლი სამი ტურნირი რჩება ( და არა ოთხი, რადგან სუპერძვირიანი და უხვქულიანი „ჩაინა ოუფენი“ კორონავირუსის გამო გაუქმებულია): „ქორალ სერიის“ უკანასკნელი „Coral Tour Championships”, სადაც მონაწილეობას სეზონის რვა წამყვანი მოთამაშე მიიღებს. მოკრძალებული „გიბრალტარ ოუფენი“ გაურკვეველი შემადგენლობით და მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ტრამპს ტიტული ექნება დასაცავი, რაც ბოლო დეკადაში მხოლოდ რონი ო’სალივანს აქვს გაკეთებული.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები