ოცდაოთხწლიანი კარიერა და პირველი ტიტული

25 თებერვალი 2020

41 წლის მაიკლ ჰოლტმა კარიერის პირველი ტიტული, 24 წლიანი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მოიგო.

ინგლისურ უოტფორდში ჩატარებული „შუთ აუთი“ წლის ყველაზე არაორდინალური და გამორჩეული სნუკერული შეჯიბრია. ტურნირის ფორმატიც უცნაური და ანალოგის არმქონეა.

საქმე ისაა, რომ „შუთ აუთის“ ფორმატის მიხედვით, თითო მატჩი ერთადერთი ფრეიმისგან შედგება, რომელსაც დროითი შეზღუდვა აქვს. სულ ათი წუთი. შეზღუდვაა ასევე დარტყმის დროზეც – პირველი ხუთი წუთის განმავლობაში 15 წამი, ხოლო ბოლო ხუთი წუთი ათ–ათი წამი თითო დარყმისთვის (მაშინ როდესაც ჩვეულებრივ ტურნირებზე, ყველაზე სწრაფი მოთამაშეები 17–18 წამს ხარჯავენ დარტყმაზე, ყველაზე ნელები კი 31–32 წამის ფარგლებში). გარდა ამისა, ჯარიმების სისტემაც განსხვავდება ჩვეულებრივისგან –ყოველი ფოლი მეტოქეს მაგიდის ნებსისმიერ წერტილზე თეთრი ბურთის მოთავსების საშუალებას აძლევს(როგორც პულის ზოგ სახეობაში), რაც ერთი ორად ზრდის ჯარიმის ფასს და მოთამაშეებს გაცილებით შემტევი და სწრაფი სნუკერისკენ უბიძგებს.

სერიოზული განსხვავებაა მაყურებლების მოქცევაშიც – თუ ჩვეულებრივ ტურნირზე დამსწრეებს მაქსიმალური სიჩუმე მოეთხოვებათ, „შუთ აუთზე“ „საფეხბურთო" სტილის გულშემატკივრობაა მიღებული შეძახილებითა და გამხნევებებით.

„შუთ აუთმა“ სარეიტინგო სტატუსი, ფორმატის არაკონსერვატიულობის გამო, სულ რაღაც ოთხი წელია რაც მოიპოვა.

მაიკლ ჰოლტმა, რომელიც შარშანდელი ტურნირის ფინალისტი იყო, წლევანდელ „შუთ აუთში“ შედეგის გაუმჯობესება მოახერხა და მოგებით, 50 000 ფუნტი სტერლინგი და ამდენივე სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რამაც, თავის მხრივ, 41 წლის ნოტინგემელს, მისცა საშუალება, სეზონურ რეიტინგში რონი ო’სალივანისთვის გადაესწრო და მე–16 პოზიციაზე აღზევებულიყო, რომელიც წლის შემდეგი ტურნირის, „Coral Players Championships”–ზე  საგზურს იძლევა.

ტურნირი იმითაც აღმოჩნდა გამორჩეული, რომ პირველად სნუკერის ისტორიაში, ნახევარფინალში სამი ჩინელი გავიდა. მათი ჯამური ასაკი, მხოლოდ 21 წლით აღემატებოდა ჰოლტის ასაკს. „ჰითმენმა“ ნახევარფნილაში ჩინეთის მეორე ნომერი, იან ბინტაო დაამარცხა, ხოლო ფინალში ჩინეთის მესამე კია, ჯოუ იუელუნი.

„მიუხედავად 24–წლიანი კარიერისა და 41 წლის ასაკისა, ოდნავადაც არ ვგრძნობ თავს გამოფიტულად ან დაღლილად. კიდევ ბევრი ენერგია შემომრჩა და მიზნების დეფიციტსაც არ განვიცდი“, განაცხადა ჰოლტმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები