ტრაგედია ნასკარში

18 თებერვალი 2020

 

დაიტონა 500, რომელიც ამერიკის მთავარი რბოლაა და 1959 წლიდან ტარდება, რომელსაც 160 000 გულშემატკივარი ესწრება და  რომელიც საპრიზო ფონდით ფორმულა 1–ის ყველა ეტაპს აღემატება(23 მილიონი ამ სეზონში), ტრაგედიით დასრულდა.

ნასკარის უმთავრეს რბოლაში, ბოლო წრეზე ერთმანეთს სამი პილოტი, დენი ჰემლინი, რაიან ნიუმანი და რაიან ბლეინი ებრძოდა. ჰემლინი ლიდერობდა, თუმცა ნიუმანმა და ბლეინიმ ერთდროული შეტევა და სლიპსტრიმიდან გამოსვლა გადაწყვიტეს, რაც ნასკარისთვის კლასიკური ვარიანტით, ხორციანი შეჯახებითა და ცეცხლმოკიდებული, ჰაერში აწეული მანქანებით დასრულდა.

ავარიაში ყველაზე მეტად, 42 წლის ნიუმანი დაზარალდა. მისი ბოლიდი ჯერ ბარიერს დაეჯახა, შემდეგ მას კორი ლაჟუაც შეასკდა და ჰაერში აწეულს, ცეცხლი მოეკიდა.

მაშველებმა ნიუმანი დროულად გამოიყვანეს მანქანიდან და სასწრაფოშიც მოათავსეს. ექიმების განცხადებით, ნიუმანის მდგომარეობა უმძიმესია, თუმცა დროული ჩარევის ხარჯზე,  42 წლის ტიტულოვანი პილოტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. რა ხარისხის დამწვრობები მიიღო ნიუმანმა და სხეულის რა ნაწილები დაუზიანდა, ჯერ–ჯერობით უცნობია.

ნიუმანისთვის ეს ნასკარში გატარებული მე–19 სეზონია. მას 18 რბოლა აქვს მოგებული, მათ შორის 2008 წლის დაიტონაც.

აღსანიშნავია, რომ რბოლა შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გახსნა და პირველ წრეს სიმბოლურად, პირადი ლიმუზინით ულიდერა. ის პირველი პრეზიდენტი გახდა 2005 წლის შემდეგ, რომელიც ფლორიდის ლეგენდარულ რბოლას დაესწრო.

დაიტონა 2020–ის გამარჯვებული ჰემლინი გახდა, ნიუმანი კი მეცხრე ადგილზე კლასიფიცირდა. სტიუარდებმა ინციდენტი სარბოლოდ სცნეს და მისი მონაწილეები სასჯელის გარეშე დატოვეს.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები