ლოს ანჯელესს ლეგენდა ტოვებს

11 თებერვალი 2020

„ჩემი ცხოვრების ყველაზე გამორჩეულმა 16–მა წელიწადმა ბევრი მასწავლა, ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დგება და 2020–21 წლების სეზონში ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება, თუ ჩვენი გზები გაიყრება. არასოდეს დამავიწყდება ეს 16 წელიწადი და „ჩარჯერზის“ მაისურში გატარებული 235 თამაში“ განაცხადა რივერსმა ემოციურ პრესკომფერენციაზე, სადაც მან, კარიერაში პირველად, თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა გამოაცხადა.

38 წლის ფილიპ რივერსი „ჩარჯერზის“ ისტორიის საუკეთესო მოთამაშეა. „პრო ბოულის“ რვა–გზის მონაწილის ანგარიშზე 59 841 საპასე იარდია, რაც NFL–ის ისტორიაში მეექვსე და „ჩარჯერზის“ ისტორიაში, ორმაგი უპირატესობით, პირველი შედეგია.

2008 წელს, რივერსმა ლიგას საპასე ტაჩდაუნებით ულიდერა, 2009–ში საპასე რეიტინგით, 2010 წელს რივერსი საერთო საპასე იარდებით იყო საუკეთესო, 2011 წელს კი კუოერბეკის რეიტინგით გახდა პირველი და ეს ყველაფერი ბრეიდის, ბრიზის და როჯერსის კარიერის პიკების დროს. 2013 წელს საუკეთესო ქამბექის ტიტულიც მოიგო მძიმე ტრამვიდან წარმატებით დაბრუნების გამო.

საერთო ჯამში, რივერსის ანგარიშზე  7 591–იდან 4 908 ზუსტი გადაცემაა, მისი პასების სიზუსტემ 64% შეადგინა, რაც ისტორიაში მეშვიდე შედეგია. ტაჩდაუნების ჩაჭრებთა შეფარდება 397–198–ზეა, ეს კი ლიგის ისტორიაში მეევსე შედეგია.

„ჩარჯერზმა“ რივერსთან დაშორებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღო, რაც 2019–20 წლების სეზონი ვეტერანს მთლიანად ჩაუვარდა. მის ანგარიშზე მხლოდ 4 617 საპასე იარდი და სულ რაღაც 23 სატაჩდაუნე გადაცემა იყო, ეს სტატისტიკა 2004 წლის პირველი რაუნდის მეოთხე პიკისთვის, კარიერის პირველი ორი სეზონის შემდეგ ყველაზე უარესი იყო, ხოლო კალიფორნიელებმა პლეიოფში მოხვედრის შანსი მალევე დაკარგეს.

ექსპერტების აზრით, მიუხედავად რივერსის ფენომენალური კარიერისა, მისი ძირითად კუოტერბეკად ხილვის სურვილი ლიგის არც თუ ბევრ გუნდს ექნება. რაც შეეხება „ჩარჯერზს“, ბევრის აზრით, გუნდი შეეცდება უახლოეს დრაფტზე გაცვლების შედეგად აიწიოს და მეორე პიკისთვის იბრძოლოს, რომლითაც ისინი ჰავაელი ცაცია კუოტერბეკის, ტუა ტაიგივაიოლოას აყვანას შეეცდებიან.

ავტორი: დავით ახალაძე

შეიძლება დაგაინტერესოთ:

კომენტარები