ოვის ვეღარ აჩერებენ

05 თებერვალი 2020

„ვაშინგტონის“ თავდამსხმელი, ალექსანდრ ოვეჩკინი, ასაკს არაფრად აგდებს და რეკორდების გადაწერას განაგრძობს.

„ლოს ანჯელესთან კინგზთან“  შეხვედრაში, რუსმა ჰოკეისტმა, 4 წუთიან ინტერვალში, ჰეთ–თრიკის შესრულება მოასწრო და გუნდს მოგება მოუტანა.

ამგვარად, ოვის სეზონში 40 გოლი მოუგროვდა 53 შეხვედრაში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. 38 გოლით მეორე ადგილზე „ბოსტონის“ ჩეხი ლეგიონერი დეივიდ პასტრნიაკია.

აღსანიშნავია, რომ ეს 27–ე ჰეთ–ტრიკი იყო „კაპიტალზის“ ლეგენდის ანგარიშზე. ამ სტატისტიკაში,  დიდი უპირატესობით უეინ გრეტსკი ლიდერობს 50 სამგოლიანი შეხვედრით, მარიო ლემიეს ანგარიშზე 40, ხოლო მაიკ ბოსის მონაგარში 39 ჰეთ–ტრიკია.

გარდა ამისა, ოვეჩკინი მეორე ჰოკეისტი გახდა გრეტსკის შემდეგ, რომელსაც 11 სეზონის ფარგლებში მინიმუმ 40 გოლი აქვს შეგდებული.

საბოლოო ჯამში, 34 წლის ოვეჩკინის ანგარიშზე 698 გატანილი შაიბაა. რუსმა ფორვარდმა, ბოლო მატჩის შემდეგ, მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა. ლიდერი კი, რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებლითაც უეინ გრეტსკია 894 გოლით.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები