კასანო: ,,20 წლის შემდეგ ტოტი აღარავის ემახსოვრება''

27 ოქტომბერი 2021

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, ლუჩიანო სპალეტი დაიცვა და განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტის 20 წლის შემდეგ დაივიწყებენ. 

გასულ ტურში, ,,სტადიო ოლიმპიკოზე'', ,,რომასა'' და ,,ნაპოლის'' შეხვედრისას, დედაქალაქური გუნდის გულშემატკივრები ტოტის სახელს სკანდირებდნენ და სპალეტის უსტვენდნენ. ფანები დღემდე მიიჩნევენ, რომ ფრანჩესკოს კარიერის დასრულება იტალიელ სპეციალისტს უკავშირდება.

,,სპალეტიზე სტვენა სამარცხვინოა. მას რომა უყვარს და ამ გუნდში საოცრებები გააკეთა. რისთვის უსტვინეს? იმიტომ, რომ ტოტიმ კარიერა დაასრულა? ამის მოსმენა მაოგნებს. გინდათ თქვათ, რომ ფრანჩესკოს ფეხბურთიდან წასვლა სპალეტის უკავშირდება? რომაში ვთამაშობდი, ამიტომ ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ. ჩემთვის ეს სკანდალია და ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, რადგან აქ დიდებული დრო გავატარე.

სპალეტიმ რომა ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, გულშემატკივრებმა გუნდის კეთილდღეობაზე უნდა იფიქრონ, მას სტვენა არ დაუმსახურებია...

20 წლის შემდეგ ტოტი ყველას დაავიწყდება, სამუდამოდ მხოლოდ მესი, მარადონა და კრუიფი ემახსოვრებათ. იყო ბრუნო კონტის ეპოქა, შემდეგ ტოტი, ახლა პელეგრინი, რომელმაც რომაში, შესაძლოა, 20 წელი ითამაშოს და სკუდეტოც მოიგოს. ასევე, იყო დე როსიც, რომელიც დაივიწყეს, არასდროს შემხვედრია ადამიანი, ვისაც ეს გუნდი მასზე მეტად უყვარს,'' - კასანოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ანტონიო კასანო ,,რომაში'' 2001-2005 წლებში თამაშობდა. იტალიელმა ,,ჯალოროსის'' მაისურით ჩატარებულ 161 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები