სერხიო რამოსის დებიუტი კვლავ გადაიდო

13 ოქტომბერი 2021

მიუხედავად იმისა, რომ სერხიო რამოსი გამოჯანმრთელდა და ახალ კლუბში მისი პირველი მატჩის ჩატარება მალე ივარაუდებოდა, როგორც ჩანს, ესპანელის დებიუტი კვლავ გადაიდო. 

თავდაპირველი ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელი პსჟ-ის მაისურით 15 ოქტომბერს, "ანჟერის" წინააღმდეგ უნდა გვეხილა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის სრულ ვარჯიშებს ჯერაც ვერ მართავს და თამაშს ვერც "ლაიფციგთან", 19 ოქტომბერს შეძლებს. 

ზემოხსენებული ინფორმაცია Le Parisien-ს ეკუთვნოდა, თუმცა, ამავე გამოცემამ გაავრცელა ცნობა, რომ რამოსი ჯერ კიდევ თანაგუნდელებისგან განცალკევებით იმყოფება. მისივე თანახმად, სერხიო მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურშიც ვერ გავა, რასაც El Chiringuito-ც ადასტურებს.

ჟურნალისტი ხუანფე სანსი აცხადებს:

"სერხიო გამოჯანმრთელდა, თუმცა, ის "ანჟერთან" არ ითამაშებს. მას სამედიცინო პერსონალმა სრული გამოკვლევა ჩაუტარა, მაგრამ არც ფეხბურთელი და არც მაურისიო პოჩეტინო დაჩქარებას არ გეგმავენ.

რამოსი ვარჯიშ სერთხელ დაუბრუნდა, თუმცა, პირველივე სესიაზე გამოჩნდა, რომ ის მზად არ იყო. მათ გარისკვა და ერთი კვირის გამო კიდევ ერთი თვის უქმობა არ სურთ".

როგორც ცნობილია, პოჩეტინო და "პარი სენ-ჟერმენი" ვეტერან მცველთან დაკავშირებით სიმშვიდეს ინარჩუნებენ. მათ გეგმებში რამოსზე ზეწოლა არ შედის და სჯერათ, რომ დაბრუნების შემდეგ, ის მაღალ დონეზე ასპარეზობას მალევე მოახერხებს.

საინტერესოა, ეს როდის მოხდება, თუმცა, პარიზელები დაბრუნების თარიღზე არ ღელავენ. ცხადია, რომ ყველას სურს, დებიუტი მალე შედგეს, მაგრამ მანამდე სრულად გამოჯანმრთელებაა საჭირო.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები