ლუკა ერნანდესს პატიმრობა ემუქრება

13 ოქტომბერი 2021

Marca-ს ინფორმაციით, "ბაიერნის" ფეხბურთელს, ლუკა ერნანდესს 2017 წელს დადებული შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

25 წლის მცველი 2017 წლის თებერვალში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ან უკანასკნელის მაშინდელი მეგობარი გოგონა მათ შორის მომხდარი ჩხუბის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. საზოგადოებრივი მომსახურება და ორდერი კი ორივე მათგანს გადაეცა.

ერთი თვის შემდეგ, წყვილი დასასვენებლად ერთად წავიდა, თუმცა, მადრიდში დაბრუნების შემდეგ, ერნანდესი აეროპორტშივე დააკავეს. მიუხედავად ამისა, მისი ყოფილი პარტნიორის სარჩელი ოფიციალურად არ შესრულდა, რის გამოც ლუკა გაათავისუფლეს.

თუმცა, 2019 წლის დეკემბერში, ერნანდესს, რომელიც იმ დროს "ატლეტიკოში" ასპარეზობდა, მადრიდის სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს მის მიერ ჩადენილი პირველი დანაშაული არ იყო, სასამართლო სასჯელს ვერ შეამსუბუქებს, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს ციხეში ყოფნა მოუწევს. ის სასამართლოში 19 ოქტომბერს გამოცხადდება, რის შემდეგაც, ციხეში საკუთარი ნებით გამოცხადებისთვის, 10 დღე მიეცემა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები