პედრო გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც რომაულ დერბიში გოლი ორივე გუნდის მაისურით გაიტანა

27 სექტემბერი 2021

იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში რომაული დერბი გაიმართა - ,,ლაციომ'' ,,რომა'' 3:2 დაამარცხა.

მატჩის მე-19 წუთზე თავი გამოიჩინა ,,ბიანკოჩელესტის'' ახალწვეულმა, პედრომ. ესპანელი გახდა მესამე ფეხბურთელი ,,დერბი დელა კაპიტალეს'' ისტორიაში, რომელმაც დერბიში გოლის გატანა ორივე გუნდის მაისურით შეძლო.

აქამდე იგივე შედეგი მხოლოდ არნე სელმესონსა (შვედი რომაული გუნდების ღირსებას 50-იან წლებში იცავდა) და ალექსანდარ კოლაროვს ჰქონდათ.

პედრო ,,რომადან'' ,,ლაციოში'' გასულ ზაფხულს გადავიდა. 34 წლის ფეხბურთელმა ,,ჯალოროსის'' შემადგენლობაში ერთი სეზონი გაატარა და 40 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები