ფერგიუსონმა განმარტა, რატომ გადავიდა რონალდუ მანჩესტერიდან რეალში

27 სექტემბერი 2021

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის ,,რეალში'' გადასვლაზე ისაუბრა:

,,რონალდუ ,,რეალში'' გადასვლაზე ოცნებობდა, მე კი წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. ამ ბიჭმა ჩვენს გუნდში 6 შესანიშნავი წელი გაატარა. ვფიქრობ, ჩვენ ერთად კარგად ვიმუშავეთ. გაგვიჩნდა შანსი, მისი შემცვლელი გვეპოვნა, გავიფორმეთ ანტონიო ვალენსია, რომელმაც მშვენივრად ითამაშა.

ვიცოდი, როგორი კარგი იყო რონალდუ, ვიცოდი, რომ ის ,,რეალში'' შესანიშნავი იქნებოდა. ამ გუნდში ყოველთვის მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მათ ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ აქვთ მოგებული. მადრიდულ კლუბში თამაში ნებისმიერ ძლიერ ფეხბურთელს სურს,'' - ფერგიუსონის სიტყვებს ,,იუნაიტედის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

რონალდუ ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან'' ,,რეალში'' 2009 წელს გადავიდა. ,,სამეფო კლუბმა'' პორტუგალიელის სანაცვლოდ 94 მილიონი ევრო გადაიხადა. 

კრიშტიანუ ,,წითელ ეშაკებს'' გასულ ზაფხულს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა ,,იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები