ზაგრების გრან-პრი იწყება - ქართველთა მეტოქეების ვინაობა ცნობილია

23 სექტემბერი 2021

24-26 სექტემბერს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები გრან-პრის უმასპინძლებს. ტურნირზე 243 ძიუდოისტია რეგისტრირებული. საქართველოს ნაკრები ზაგრების გრან-პრიზე 4 ძიუდოისტით წარდგება. ცნობილია ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა:

-73 კილოგრამში საქართველოს ღირსებას დებიუტანტი - ჯუმბერ მელაძე დაიცავს. მისი პირველი მეტოქე ბრიტანელი დენიელ პაუელი იქნება.

-81 კილოგრამში წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ლიდერი - ტატო გრიგალაშვილი და კიდევ ერთი დებიუტანტი - ზაურ დვალაშვილი იასპარეზებენ. გრიგალაშვილი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე რაუნდის შეხვედრაში მისი მეტოქე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ სედრიკ კალონგასა და მოლდოველ  ნიკონ ზაბოროსჩუკს შორის გამარჯვებული იქნება.  რაც შეეხება ზაურ დვალაშვილს, მას ესპანელი ალფონსო ურკიზა სოლანა დაუპირისპირდება.

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი - ლუკა მაისურაძე. მისი პირველი მოწინააღმდეგე ავსტრიელ იოჰანეს პაშერსა და იტალიელ ჯენარო პირელის შორის გამარჯვებული იქნება.

ასპარეზობა 13:30-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 19:00-ზე. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Ippon.org-ზე იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები