კრიშტიანუ რონალდუ იკერ კასილიასის რეკორდს გაიმეორებს

14 სექტემბერი 2021

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება.

ინგლისური კლუბის თავკაცმა, ოლე გუნარ სულშერმა ზემოაღნიშნული მატჩის ძირითად შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუ დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ისტორიაში ჩატარებული მატჩებით თავის ყოფილ თანაგუნდელ იკერ კასილიასს გაუთანაბრდება.

ამ დრომდე პორტუგალიელი ფეხბურთელის აქტივში 176 შეხვედრაა, კასილიასის ანგარიშზე კი 177 შეხვედრა გახლავთ. შესაბამისად, "იანგ ბოიზთან" კრიშტიანუ იკერს დაეწევა.

სხვა რეკორდები

36 წლის თავდამსხმელს "წითელი ეშმაკების" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე 52 მატჩი აქვს ჩატარებული, "რეალში" - 101, "იუვენტუსი" მაისურით კი - 23. შესაბამისად, რონალდუ ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ხსენებულ ტურნირზე მინიმუმ 50 მატჩი 2 გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა. ასევე, მას, პაოლო მალდინისთან ერთად, ყველაზე მეტ ფინალში (6) აქვს მონაწილეობა მიღებული.

ამასთან, კრიშტიანუ ერთადერთია, რომელმაც ნახევარფინალში ყველაზე მეტი (21) შეხვედრა გამართა. მეოთხედფინალში ჩატარებული თამაშების რაოდენობით კი ლიონელ მესის, რომელსაც 23 მატჩი აქვს, მხოლოდ ერთით ჩამორჩება.

აგრეთვე, პორტუგალიელს მერვედფინალშოც ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული (34), ისევე, როგორც ჯგუფურ ეტაპზე (93).

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ყველაფერთან ერთად, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - 176 მატჩში მან თავი 134 გოლით გამოიჩინა. ასევე, ის გათამაშების ბომბარდირი შვიჯდერ, შემდეგ სეზონებში გახდა: 2007/08, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18.

"იუნაიტედის" ლიდერს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდიც ეკუთვნის - მან ერთ გათამაშებაში მეტოქეთა კარის 17-ჯერ აღება მოახერხა. მის მიღწევებს შორისაა ფლეი ოფებში გატანილი ყველაზე მეტი გოლიც - 67.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები