ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რონალდუმ გულშემატკივრებს მიმართა

14 სექტემბერი 2021

კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ,მანჩესტერ იუნაიტედში'' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაბრუნდა, ინგლისური გუნდის გულშემატკივრების სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

,,უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ვართ განწყობილები, მაგრამ, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს დახვედრისთვის, რომელიც მათ მე და ბიჭებს ,,ოლდ ტრაფორდზე'' მოგვიწყვეს.

საოცარმა ატმოსფერომ და მხარდაჭერამ საქმე გაგვიადვილა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი განწყობა შევინარჩუნოთ,'' - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

პრემიერლიგის მე-4 ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ,,ნიუკასლს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში რონალდუმ დუბლი გაიფორმა.

,,მანჩესტერმა” კრიშტიანუს ტრანსფერი 27 აგვისტოს დააანონსა. რონალდუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,იუნაიტედს” პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც მომავალი 5 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, კონტრაქტი ბონუსების სახით თანხის 8 მილიონი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები