ტატო გრიგალაშვილი - მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად

30 ივლისი 2021

ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა, რასაც 3 დღის შემდეგ Instagram-ზე გამოქვეყნებული წერილით ეხმაურება.

როგორც ვკითხულობთ, ქართველი ვარსკვლავი იმედგაცრუებულია, რომ საკუთარ ქვეყანას საჩემპიონო მედალი ვერ მოუტანა:

"გასულ დღეებთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრათ.
როდესაც სპორტში კონკრეტულად კი ძიუდოში ხარ, შენი დარბაზში ფეხის შედგმიდან მხოლოდ ერთი ოცნება და ერთი მიზანი გიჩნდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია.

მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ. მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად. მინდოდა თქვენი გულები გამეხარებინა. მინდოდა, რომ ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვედროდით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი გადმოგცეთ რას ნიშნავს ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა. როგორ აგიხსნათ რას ნიშნავს დამარცხების შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებსაც შენი იმედი აქვთ.

მტკივა თითოეული თქვენთაგანისთვის იმედის გაცრუება, მტკივა ის ფაქტი, რომ მთელი ჩემი შრომა, აქმდე მოსასვლელი არცისე მარტივი გზა სულ არაფერი გახდა.

მადლობა თითოეულ ჩემს გულშმატკივარს, თქვენ მე მაძლიერებთ. თქვენს სიყვარულად და სითბოდ ღირს ყოველი ბრძოლა, ყოველი ვარჯიში. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყოველი ჩემი ტკივილის დროს მხოლოდ წინ სვლისკენ მიბიძგებს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც აქამდე განმიცდია. ვისწავლე, რომ რაც არ უნდა მოხდეს მეტი ვეცადო. ბრძოლას ხომ ყოველთვის აქვს აზრი.

დღეს, ჩემი ტკივილის მიმართვას, ბრძოლის და წარმატებისკენ ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი მეუღლის წყალობით ვიწყებ. ის არის ადამიანი, რომელიც მასწავლის რომ ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას." - ვკითხულობთ ტატოს წერილში.

კომენტარებში გრიგალაშვილმა უამრავი გამამხნევებელი მესიჯი მიიღო. მათ შორის არის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურიც: "ეს შემართება არის ტატო გრიგალაშვილი აბა რაა☺️🇬🇪",

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები