ძიუდო ოლიმპიადაზე - ინდივიდუალური ასპარეზობის დასკვნითი დღე

30 ივლისი 2021

30 ივლისს, დილის 06:00-ზე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სტარტს აიღებს ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლო საშეჯიბრო დღე ძიუდოში.
ტატამიზე +100 და +78 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ. საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი დაიცავს.

+100 კგ. წონით კატეგორიაში პირველ ნომრად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, ტამერლან ბაშაევია განთესილი. მისი პირველი მეტოქე სენეგალელი მბაგნიკ ნდიაე იქნება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ბაშაევის გზები ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონთან - ტედი რინერთან გადაიკვეთება. რინერს კი ბაშაევთან დაპირისპირებამდე ავსტრიელი სტეფან ჰეგისა და ებრაელი ორი სასონის დამარცხება მოუწევს.  

B ბადეშია განთესილი გურამ თუშიშვილი. ქართველ ძიუდოისტს პირველ შეხვედრაში ტაჯიკ ტემურ რახიმოვსა და კუბელ ენდი გრანდას შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება. მის ბადეშია ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის მედალოსანი, ბრაზილიელი რაფაელ სილვა.

ბადის მეორე მხარეს მოხვდა გასული ოლიმპიადის ფინალისტი, მასპინძელთა ფავორიტი, ჰისაიოში ჰარასავა. მას პირველ წრეშივე საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავს -  სამხრეთკორეელი მინჯონ კიმი. 

D ბადეშია გასული ოლიმპიადის ტრიუმფატორი -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი. მისი პირველი მოწინააღმდეგე ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენლ ჯავად მაჰჯუბსა და გერმანელ იოჰანეს ფრაის შორის გამარჯვებული იქნება. ამავე ბადეშია მრავალი საერთაშორისო ტურნირის ტრიუმფატორი, ვეტერანი ნიდერლანდელი, ჰენკ გროლი. 

ფავორიტი - ტედი რინერი
პრეტენდენტები - გურამ თუშიშვილი, ჰისაიოში ჰარასავა
''შავი ცხენები'' - ლუკაშ კრპალეკი, ტამერლან ბაშაევი.

+78 კგ. წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ლეგენდარული კუბელი, იდალის ორტისია განთესილი. მისი პირველი მოწინააღმდეგე პორტუგალიელ როშელ ნუნიესსა და პუერტო რიკოელ მელისა მოხიკას შორის გამარჯვებული იქნება.

B ბადეში მოხვდნენ ბრაზილიელი მარია სუელენ ალტემანი და ფრანგი რომან დიკო. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მათი გზები მეოთხედფინალურ სტადიაზე გადაიკვეთება.

C ბადეში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ირინა კინძერსკაა განთესილი. მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, ბოსნიელი ლარისა სერიჩი იქნება.

D ბადეში იასპარეზებს მასპინძელთა ფავორიტი, აკირა სონე. მის ბადეში გამოსარჩევი სპორტსმენი თურქეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი კაირა საითია.

ფავორიტები - აკირა სონე, რომან დიკო
პრეტენდენტები - იდალის ორტისი, ირინა კინძერსკა
''შავი ცხენები'' - კაირა საითი, ლარისა სერიჩი

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები