ოლიმპიადა, 30 ივლისი - ქართველი სპორტსმენების განრიგი

29 ივლისი 2021

ხვალ, 30 ივლისს, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი სპორტსმენი - გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ნინო სალუქვაძე (სროლა, 25 მ. სპორტული პისტოლეტი), ესკერხან მადიევი (კრივი) და სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) იასპარეზებს.

ძიუდო - გურამ თუშიშვილი, +100 კგ

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგის მეექვსე ნომერი, გურამ თუშიშვილი პირველ ბრძოლას მეორე რაუნდში გამართავს და მისი მეტოქე თემურ რახიმოვსა (ტაჯიკეთი, 17) და ენდი გრანდას (კუბა, 20) შორის გამარჯვებული იქნება.

ქართველი ძიუდოისტის ბადეშია ოლიმპიადის ბრინჯაოს ორგზის პრიზიორი რაფაელ სილვა (ბრაზილია, 7) და ლეგენდარული ტედი რინერი (საფრანგეთი, 16), რომელსაც, ორივე ძიუდოისტის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ნახევარფინალში დაუპირისპირდება.

თუშიშვილი ასპარეზობას დაახლოებით 07:00 საათისთვის დაიწყებს.

სროლა. 25 მ. სპორტული პისტოლეტი - ნინო სალუქვაძე

დღეს 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტის სროლაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ნინო სალუქვაძემ 291 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა (44 სპორტსმენს შორის) და ფინალში გასასვლელად იბრძვის.

ხვალ, 04:00 საათიდან, სპორტსმენები ერთმანეთს სწრაფ სროლაში შეეჯიბრებიან და სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდებიან ფინალისტები.

ფინალის საგზურს, რომელიც ასევე ხვალაა ჩანიშნული, სულ 8 სპორტსმენი გაიფორმებს.

ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე სერბი ზორანა არუნოვიჩია, რომლის ანგარიშზეც 296 ქულაა.

ნინო სალუქვაძე მონაწილეობას ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე იღებს, რაც ქალებს შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

კრივი - ესკერხან მადიევი, -69 კგ

-69 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივემ, ესკერხან მადიევმა, მერვედფინალში უგანდელი მეტოქე, შადირი ბვოგი დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე მადიევის მეტოქე ანდრეი ზამკავოი (როკ) იქნება, რომელმაც სტეფენ ზიმბასთან (ზამბია) იმარჯვა. ესკერხანი მომავალ ბრძოლას ხვალ,13:51 საათისთვის გამართავს.

ანდრეი ზამკავოი 34 წლისაა და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. გარდა ამისა, რუსის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო (2019) და ვერცხლია (2009).

მძლეოსნობა, ბირთვის კვრა - სოფიკო შათირიშვილი

ხვალ 14:25 საათიდან ოლიმპიადაზე ქართველი მძლეოსანი, სოფიკო შათირიშვილი იასპარეზებს.

32 სპორტსმენი ორ ჯგუფშია გადანაწილებული და ფინალში გასვლას საუკეთესო თორმეტეული შეძლებს.

პერსონალური შედეგისა და რეიტინგის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შათირიშვილს ფინალში გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები