კალაშნიკოვა: ,,საქართველოში სამართლიანობას ვერ ვპოულობ, გადავწყვიტე, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართო''

19 ივლისი 2021

ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ, სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანდალური განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც მას ოლიმპიური ლიცენზია ჰქონდა, თუმცა ტოკიოში თამაშს გაურკვეველი მიზეზის გამო ვერ ახერხებს (,,სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ შენ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, თუმცა მხოლოდ იმიტომ ვერ ითამაშებ, რომ განაცხადი არ გაუგზავნიათ''), ტვიტერის პირად გვერდზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

,,ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ის არის, რომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას მათი მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე. საბოლოოდ, ამ დაუდევრობის გამო, ჩვენ, სპორტსმენები ვზარალდებით. ნუთუ, არ შეიძლება, რომ ვინმემ აიღოს პასუხისმგებლობა და გაგვცეს კითხვებზე პასუხი.

გადავწყვიტე, ვცადო და მივმართო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს, ვინაიდან ჩემს ქვეყანაში სამართლიანობას ვერ ვპოულობ. არ ვიცი, რა შედეგს მივიღებ, რადგან საკუთარ არაპროფესიონალიზმსა და შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა,'' - წერს კალაშნიკოვა.

გუშინ ჩოგბურთელის განცხადებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გამოეხმაურა, ,,სეოკ-ის'' ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას ეკისრება.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განმარტება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებასთან...

Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on Sunday, July 18, 2021

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები