უეფაში ადასტურებენ - სუპერ ლიგის გუნდებს ფინანსური სანქციები ელით

07 მაისი 2021

სუპერ ლიგის 12 კლუბიდან 9 სერიოზულ სანქციებს გადაურჩება. სამ კლუბს კი სასჯელი ელის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს. 9 გუნდი, რომელთაც უეფასთან რეინტეგრირება გადაწყვიტეს, ორგანიზაციისგან მომავალი წლის გადასახადიდან 5 პროცენტით ნაკლებს მიიღებენ. 

სამმა გუნდმა - ბარსელონამ, რეალმა და იუვენტუსმა უეფასთან რეინტეგრირებაზე უარი განაცხადეს. უეფაში ამ ქმედებას ოფიციალურად ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული გუნდები მკაცრად დაისჯებიან:

'' 9 გუნდმა გააცნობიერა, რომ სუპერ ლიგის პროექტი წარუმატებელი იყო. გუნდებმა ბოდიში მოუხადეს ფანებსაც და ოფიციალურ ორგანიზაციებსაც. ამ გუნდებმა თავიდან აირიდეს სანქციები. თუმცა, ''ბარსელონას'' ''რეალისა'' და ''იუვენტუსის'' მიმართ აუცილებლად იქნება ადეკვატური რეაქცია. უეფა იტოვებს ყველა უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციის დისციპლინურ კომიტეტთან ერთობლივი მუშაობის ფარგლებში. ნებისმიერი გუნდი, რომელიც ეცდება მონაწილეობა მიიღოს უეფას გარდა სხვა ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ევროტურნირში, 100 მილიონი ევროთი დაჯარიმდება, '' - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სუპერ ლიგის პროექტი მადრიდის ''რეალის'' პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად, ევროპის გავლენიანმა საფეხბურთო მოღვაწეებმა შეიმუშავეს, თუმცა, შემქნიდან რამდენიმე დღეში ორგანიზაციის გეგმები ჩაიშალა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები