ევროპა ლიგის ფინალში მანჩესტერი და ვილიარეალი იასპარეზებენ

07 მაისი 2021

ევროპა ლიგის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ფინალში ერთმანეთს ინგლისური ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ესპანური ''ვილიარეალი'' დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალურ სტადიაზე მანჩესტერმა ოორაუნდიან ასპარეზობაში ''რომას'' ანგარიშით 8:5 აჯობა. პირველი შეხვედრის 6:2 მოგების შემდეგ, ამ დაპირისპირებაში ყველანაირი ინტრიგა დაკარგული იყო და ინგლისელებმა ფინალის საგზური მარტივად მოიპოვეს. აღსანიშნავია, ''წითელი ეშმაკები'' ევროპა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდნენ. მათ 2017 წლის ფინალშიც იასპარეზეს და მაშინ ამსტერდამის ''აიაქსს'' ანგარიშით 2:0 მოუგეს. 

''ვილიარეალმა'' ლონდონის ''არსენალთან'' დაძაბულ ბრძოლაში, ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო. ესპანელებმა პირველი შეხვედრის მოგება (2:1) შეძლეს, მეორე შეხვედრა კი უგოლო გამოდგა. აღსანიშნავია, რომ ''არსენალი'' და ''ვილიარეალი'' ევროტურნირების ნახევარფინალურ სტადიაზე არსებობის ისტორიაში მეორედ შეხვდნენ. პირველი ორრაუნდიანი დაპირისპირება 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შედგა და მაშინ გამარჯვებული ''არსენალი'' გამოდგა. 

ევროპა ლიგის ფინალური დაპირისპირება 26 მაისს გაიმართება. მატჩს პოლონეთის ქალაქ გდანსკში მდებარე არენა, Stadion Energia უმასპინძლებს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები