16 წლის წინ - ლეო მესიმ ბარსელონას მაისურით პირველი გოლი გაიტანა

02 მაისი 2021

ზუსტად 16 წლის წინ, კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, კიდევ ერთი ლეგენდის, რონალდინიო გაუჩოს ასისტით, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

2005 წელს, ლა ლიგაში "ალბასეტესთან" გამართულ შეხვედრაში, არგენტინელმა სამუელ ეტო'ო შეცვალა - ამავე მატჩში, 17 წლის ასაკში, ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა (ეს შედეგი მომავალში ბოიან კრკიჩმა და ანსუ ფატიმ გააუმჯობესეს, თუმცა დამატებითი ინფორმაციით, მესიზე უკეთესი შედეგი ალფონსო ნავაროსაც აქვს, რომელმაც სარეკორდო გოლი 1946 წელს გაიტანა).

ისტორიულ მომენტში რონალდინიომ "ლა პულგას" მაღალი პასი გაუკეთა, ლეომ კი მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, რის შემდეგაც ბრაზილიელმა, გოლის აღნიშვნისას, იგი ზურგზე შეისვა. 16 წლის შემდეგ, მესის "ბარსას" რიგებში უკვე 668 ბურთი უგროვდება.

ასევე, საინტერესოა, რომ ამავე დღეს, 2 წლის წინ, ლიონელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ლივერპულის" კარში ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და საკლუბო დონეზე მე-600 გოლი მიითვალა.

მესი "ბლაუგრანას" პირველი გუნდის წევრი 2004 წლიდანაა, რა დროის განმავლობაშიც კატალონიელებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, ორჯერ კი ტრიპლეტიც იზეიმა (2008/9, 2014/15). აგრეთვე, ინდივიდუალურ დონეზე, ლეო "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელია, რაც აბსოლუტური რეკორდი გახლავთ.

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები