მესი და რონალდუ ერთ გუნდში? - კარლოს ტევესის საინტერესო ჩანაფიქრი

22 აპრილი 2021

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, კარლოს ტევესს სურს, თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ ერთად ითამაშონ.

37 წლის მოთამაშე "ლა პულგას" თანაგუნდელი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში იყო (2005/15), პორტუგალიელ ვარსკვლავთან კი "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა (2007/2009).

გასულ წელს ტევესმა, Radio La Red-თან საუბარში, საკუთარი გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

ჯანლუიჯი ბუფონი; უგო იბარა, რიო ფერდინანდი, გაბრიელ ჰაინცე, პატრის ევრა; ანდრეა პირლო, პოლ სქოულზი, პოლ პოგბა; კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, უეინ რუნი.

კარლიტოსს, რომელიც 2018 წლიდან მშობლიური "ბოკა ხუნიორსის" ღირსებას იცავს, კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება.

"ბომბონერას" ბინადართა რიგების გარდა, არგენტინელს "კორინთიანსში", "ვესტ ჰემში", ზემოხსენებულ "მანჩესტერ იუნაიტედში", "მანჩესტერ სიტიში", "იუვენტუსსა" და "შანხაი შენხუაში" უთამაშია.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები