თამაში არ მინდოდა, ჩემი გონება სხვაგან იყო - ჯესი ლინგარდი ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს

22 აპრილი 2021

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ვესტ ჰემში" განათხოვრებული ფეხბურთელი, ჯესი ლინგარდი, თავის ცხოვრებაში არსებულ რთულ პერიოდს იხსენებს, რის გამოც გასულ წელს ფეხბურთისთვის დროებით თავის დანებებასაც კი აპირებდა.

"სათადარიგოთა სკამზე ყოფნით ბედნიერი ვიყავი. ერთ დღეს ჩემს ძმას ვუთხარი: "გახსოვს, რომ ოდესმე ამით ბედნიერი ვყოფილიყავი?" თამაში არ მინდოდა, რადგან ჩემი გონება სხვაგან იყო, კონცენტრირებული არ ვიყავი - სულ სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი, რაზეც არ ვსაუბრობდი. ფეხბურთის თამაშს ვცდილობდი, რაც არ გამომდიოდა.

დედაჩემს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, წლების განმავლობაში ვეხმარებოდით, მაგრამ ჩემთვისაც კი რამის დამალვა რთულია.

თავი სხვა ადამიანი მეგონა, თითქოს ჯესი ლინგარდი აღარ ვიყავი. საფეხბურთო მატჩებშიც კი, ვგრძნობდი, რომ შეხვედრები უბრალოდ გადიოდა. იქ ყოფნა არ მსურდა, რაც სიგიჟე იყო. ამიტომ, "მანჩესტერს" ჩემი პრობლემებისა და დედაჩემის მდგომარეობის შესახებ შევატყობინე - ისინი დასახმარებლად ყოველთვის მზად იყვნენ.

რას ვაკეთებდი კორონავირუსის გამო აღებული პაუზისას? შემეძლო, თავი ყველაფრისთვის დამენებებინა, მაგრამ ბრძოლა ცხოვრებას ყოველთვის მიბრუნებდა... პანდემიის დროს დარბაზში ვვარჯიშობდი - ვაპირებდი, სესიებს ყველაზე კარგ ფორმაში დავბრუნებოდი, რაც გამომივიდა კიდეც.

ვფიქრობ, კარანტინმა ჩემზე იმოქმედა. ძველ მატჩებსა და მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრების ჩანაწერებს ვუყურებდი და ვამბობდი: "დიახ, ეს ნამდვილი ჯესი ლინგარდია". თუმცა ის, რასაც გასულ სეზონებში ვაჩვენებდი, არ შემეფერებოდა.

ჩემი ძმა, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს, ყველაფერს ამჩნევდა. მას ჩემი ვიდეო აქვს, სადაც დივანზე წამოწოლილი, სამი წუთის განმავლობაში ჰაერში ვიყურები. ის კი ფიქრობდა: "რას განიცდის? თითქოს მსოფლიოს წონა მხრებზე ადევს". მანაც კი არ იცოდა, რა მჭირდა", - აცხადებს ინგლისელი.

28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ფორმა სწორედ "ჩაქუჩების" რიგებში დაიბრუნა - მან "ვესტ ჰემის" მაისურით, მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით, 10 მატჩში თავი 9 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.

გარდა ამისა, წარმოშობით ვინსენტიელმა გარეთ საუთგეიტის ყურადღებაც მიიპყრო და ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები