მძიმე არტილერია საქმეში - ევროპირველობის მესამე დღეს 7 ქართველი იასპარეზებს

17 აპრილი 2021

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანთა დაპირისპირებები მოახლოვდა. 18 აპრილს საქმეში -78, +78, -90, 100 და +100 კგ. წონითი კატოეგორიის ძიუდოისტებს ვიხილავთ.

ტურნირის დასკვნით დღეს 7 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

-90 კგ.-ში უმნიშვნელოვანეს ტურნირს ჩაატარებენ ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური. რეალურად, ეს ერთადერთი წონითი კატეგორიაა, რომელშიც ოლიმპიადის საგზურის მფლობელი ჯერ კიდევ გაურკვეველია. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში ორივე ძიუდოისტმა მოახერხა საერთაშორისო ასპარეზზე სოლიდური შედეგის მიღწევა და საუკეთესოს შერჩევა მწვრთნელებისათვის შესაძლოა დიდ თავსატეხად იქცეს.

ბექაური და ღვინიაშვილი ბადის საპირისპირო მხარეს მოხვდნენ და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში მათი გზები ფინალში გადაიკვეთება.  ლაშა ბექაური B ბადეშია და პირველ მეტოქედ ფრანგი მატიე ჰყავს. მის ბადეში საკმაოდ ძლიერმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. წარმატებული ასპარეზობის შეხვედრაში, მეოთხედფინალში ლაშას შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონი ნემანია მაიდოვი დაუპირისპირდეს. საინტერესოა, რომ ასევე ბადის ზედა მხარეს მყოფი ფავორიტები, მაიდოვის მსგავსად, უკვე დამარცხებული ჰყავს. პირველ ნომერ ნიკო შერაზადიშვილს ბექაურმა 2019 წლის მასტერსისა და 2021 წლის თელ-ავივის გრანდ სლემის ფინალები მოუგო. ხოლო ევროპის ჩემპიონ მიჰაელ ჟგანკს, 2019 და 2021 წლების მასტერსის ტურნირებზე აჯობა.

ბექა ღვინიაშვილი D ბადეშია და ასპარეზობას ესტონელ კენ კრისტოფერ კალიულაიდის წინააღმდეგ იწყებს. 2020 წლის ნოემბერში გამართული ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი წელსაც შეეცდება მედლის მოპოვებას.  წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მისი და უნგრელი კრისტიან ტოთის გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთება.  ნახევარფინალურ სტადიაზე გაღწევის შემთხვევაში კი დიდია ალბათობა ორი რთული მეტოქიდან ერთ-ერთთან დაპირისპირებისა. ნოელ ვანტ'ენდისა და მიხაილ იგოლნიკოვის გზები, სავარაუდოდ, მეოთხედფინალში გადაიკვეთება და წარმატების შემთხვევაში, ბექას შესაძლოა ორიდან ერთ-ერთ ძიუდოისტთან მოუწიოს დაპირისპირება. 

-100 კგ.-ში საქართველოს ღირსებას ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე დაიცავენ. 

ვარლამ ლიპარტელიანი ევროპირველობაზე პირველ ნომრადაა განთესილი და მეტოქედ თურქი მერტ სისმანლარი ჰყავს. ევროპის სამგზის ჩემპიონი და მრავალგზის მედალოსანი კიდევ ერთხელ ეცდება კონტინენტურ პირველობაზე წარმატების მიღწევას. ბადის ზედა მხარეს მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონი  ჟორჟ ფონსეკა და რუსეთის წარმომადგენელი ნიაზ ილიასოვიც.

ილია სულამანიძე ასპარეზობას ძალიან გამოცდილი მეტოქის - მაიკლ კორელის წინააღმდეგ იწყებს. ამ მძიმე მოწინააღმდეგის ძლევის შემთხვევაშიც, ილიას ძალიან რთული გზა ელის. მას სხვადასხვა ეტაპებზე აზერბაიჯანელ ზელიმ კოტსოევთან, ევროპის მოქმედ ჩემპიონ პიტერ პალჩიკთან და სხვა ძლიერ სპორტსმენებთან შეიძლება მოუწიოს დაპირისპირება.

მძიმე წონაში საქართველოს გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი წარმოადგენენ.

გურამ თუშიშვილს მეტოქედ რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუსა და თურქეთის სახელით მოასპარეზე ჯემალ ერდოღანს შორის გამარჯვებული ერგება. 

ლევან მატიაშვილი, რომელმაც გელა ზაალიშვილი შეცვალა, ასპარეზობას A ბადეში, მეორე რაუნდის დაპირისპირებაში დაიწყებს. მისი მეტოქე უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოსა და სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს შორის გამარჯვებული იქნება. მატიაშვილი წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ტურნირის პირველ ნომერს, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს - ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

-78 კგ.-ში საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავს. ტურნირზე მრავალმა ძლიერმა ძიუდოისტმა მოიყარა თავი. პირველ ნომრად ფრანგი ფანი ესტელ პოსვიტია განთესილი. მეორე ფრანგი - ოდრი ჩეუმეო B ბადეში იასპარეზებს. ორი წარმომადგენელი ჰყავთ ნოდერლანდელებს - მაირინდე ვერკერკი და გუსე სტენჰუისი.

+78 კგ.-ში  სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს. მას პირველსავე შეხვედრაში ძალიან რთული მეტოქე - ევროპის ჩემპიონი მარინა სლუტსკაია ჰყავს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი - 19:00-ზე. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Ippon,org-ზე იქნება შესაძლებელი.
 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები