კარიმ ჩემბერლენის რეკორდი მოხსნა - სტეფი უორიორსის საუკეთესო მექულეა

14 აპრილი 2021

''გოლდენ სტეიტ უორიორსის'' ფლეიმეიქერმა, სტეფ კარიმ, ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის რეკორდი მოხსნა. მან ''დენვერ ნაგეთსთან'' მატჩის პირველ მეოთხედში ჩაგდებული ორქულიანის შემდეგ, გუნდის საუკეთესო მექულის წოდება გადაიბარა. 

უილტ ჩემბერლენმა ''უორიორსის'' რიგებში 17 783 ქულა დააგროვა. სტეფ კარიმ მან სწორედ ''დენვერთან'' მატჩში გაუსწრო და დიდი ალბათობით, მისი შედეგის გამეორებას მრავალი ათწლეული დასჭირდება. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ''უორიორსის'' ყველა დროის საუკეთესო მექულეთა ხუთეულში სტეფი ერთადერთი მოქმედი მოთამაშეა. მესამე ადგილზე გუნდის ლეგენდა რიკ ბერია, რომელმაც გუნდში 16 447  ქულა მოაგროვა. მეოთხე ადგილზე პოლ ერიზინია. მან ''გოლდენ სტეიტში'' თამაშისას 16 266 ქულა მოაგროვა. საპატიო მეხუთე ადგილს კი ''უორიორსის'' ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი - კრის მალენი იკავებს. მის ანგარიშზე 16 235 ქულაა.

სტეფ კარიმ ''გოლდენ სტეიტთან'' ერთად ზედიზედ 5 NBA-ს ფინალში (2015-2019) ითამაშა. სტეფი ლიგის ტრიუმფატორი 3-ჯერ გახდა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები