რეალის პრეზიდენტობის კანდიდატს ზინედინ ზიდანის იურგენ კლოპით ჩანაცვლება სურს

06 აპრილი 2021

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალი" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

ახლა კი, გაირკვა, რომ "ლოს ბლანკოსის" პრეიზდენტობის კანდიდატს, ენრიკე რიკელმეს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ლივერპულის" თავკაცის, იურგენ კლოპის დანიშვნა სურს.

32 წლის ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად Cox Energy-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია, El Partidazo of COPE-სა და Radio Marca-სთან ინტერვიუში აცხადებს: "ზიდანი ჩემი მწვრთნელი არ იქნება. სპორტის დირექტორატი სხვადასხვა ვარიანტებსა და სტრატეგიებზე ფიქრობს. მე პირადად, იურგენ კლოპი მომწონს. ასევე, რაული - მისი არჩევა ლეგენდის დაფასება იქნებოდა..."

ზიდანი და კლოპი ერთმანეთს დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ჯახის წინ, გერმანელმა კითხვას, ნანობს თუ არა, რომ "რეალი" არასდროს გაუწვრთნია, შემდეგნაირად პასუხობს:

"თუ კარიერის დასასრულს ჩემი გუნდების სიაში მხოლოდ "მაინცი", "დორტმუნდი" და "ლივერპული" მოგვევლინებიან, არცისე ცუდი იქნება, არა? არა, არ ვნანობ.

თუმცა, როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოვედი, უკვე ვინანე, რომ მადრიდში არ ვცხოვრობთ, რადგან აქ ამინდი ბევრად უკეთესია. ინგლისში ვიყინებით, ჟილეტი თან მაქვს. აქ ცხოვრება უფრო მარტივია, რასაც ინგლისზე ვერ ვიტყვი".

იურგენი მერსისაიდულ კლუბს სათავეში 2015 წლიდან უდგას - 53 წლის სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.

რაც შეეხება ზიდანს, ფრანგს მადრიდელებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები