დავიდ დე ხეათი 3 ევროპული კლუბი ინტერესდება - ესპანელის მანჩესტერული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშაა

06 აპრილი 2021

დავიდ დე ხეა მიმდინარე სეზონის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მეკარე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ესპანელი პირველი შვილის დაბადების გამო სამშობლოში დაბრუნდა, მისი ადგილი დინ ჰენდერსონმა დაიკავა, რომელიც უკვე სტაბილურად თამაშობს.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელსა და "მანკუნიანელთა" მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რამაც საბოლოოდ, "წითელი ეშმაკების" რიგებში დავიდის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

დე ხეას, რომელიც კვირაში 375 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს და ინგლისური კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

Daily Mail-ის ცნობით, ესპანელის მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნება, სადაც იგი 2009/11 წლებში ასპარეზობდა, საკმაოდ აქტუალურია.

გარდა ამისა, გამოცდილ მეკარეს მეორე მადრიდულ გუნდს, "რეალსაც" უკავშირებენ, რომელიც 2015 წელს დავიდის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო.

მშობლიური კლუბების გარდა, დე ხეას "პარი სენ-ჟერმენთან" მიმართებითაც ახსენებენ, რომელიც დიდი ხანია, ვარსკვლავურ მეკარეს ეძებს.

ესპანელი ფეხბურთელი თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მან მეტ ბასბის ჯილდო კარიერაში 4-ჯერ მოიგო, რაც რეკორდია. ხსენებული პრიზი "მანჩესტერ იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა, რომელსაც ფანები ავლენენ.

თავად სულშერი დავიდის გარშემო არსებულ სპეკულაციებს უარყოფს - BT Sport-თან 48 წლის ნორვეგიელი აცხადებს: "ორი ძალიან, ძალიან კარგი მეკარე მყავს. ორივე მათგანი ნომერ პირველია".

დე ხეა პრემიერლიგაში 2011 წელს გადაბარგდა - სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა მის სანაცლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები