მუქტარ დიახაბის მისამართით რასისტული შეძახილები არ გამომიყენებია - ხუან კალა

06 აპრილი 2021

"კადისის" ცენტრალური მცველი, ხუან კალა უარყოფს, რომ 4 აპრილს, ლა ლიგის 29-ე ტურში, "ვალენსიას" ფეხბურთელს, მუქტარ დიახაბის რასისტული შეძახილებით მიმართა.

ხსენებულ დაპირისპირებაში, შეხვედრის 30- წუთზე, ფრანგმა მოთამაშემ და მისმა თანაგუნდელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოგვიანებით, შეხვედრა გაგრძელდა, თუმცა თავად დიახაბიმ მოედანზე დაბრუნებაზე უარ განაცხადა.

აღნიშნულ ფაქტს კალა შემდეგნაირად ეხმაურება: "არ ვიცი, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით რა ხდება. ასეთ ბრალდებებს არავინ იმსახურებს. აი, ბოდიშის მისაღებად, ჩემი ნომერი აქაა.

არც ის ვიცი, ეს ყველაფერი დიახაბიმ მოიგონა თუ არასწორად გაშიფრა. რაც მოხდა, წარმოუდგენელია - შოკირებული ვარ.

ჩინელებთან და სამხრეთ აფრიკელებთან ვცხოვრობდი, ფრედერიკ კანუტესა და ბენჟამინ სარანდონასთან ერთად კი გვინეაში ვიყავი.

ფეხბურთს გულშემატკივრების გარეშე ვთამაშობთ, სტადიონზე 20-25 კამერა და მიკროფონია. ასევე, ფეხბურთელები და მსაჯები... არავის არაფერი გაუგია.

როგორც კი მატჩი დასრულდა, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მომხდარზე საუბარი მსურდა. მან კი მიპასუხა, რომ მე უკვე ბრალდებული ვარ. დილით 8 საათზე იგივე გავიმეორე და ეს გავაკეთე.

კვირიდან მოყოლებული ჩემი ადვოკატი გარკვეულ მონაცემებს აგროვებს, რათა იურიდიულ საკითხებს მივხედოთ. უამრავი ადამიანისგან მხარდაჭერის მესიჯი მივიღე.

ესპანურ ფეხბურთში რასიზმი არ არის. მუქტართან არანაირი პრობლემა არ მაქვს. განვითარებული მოვლენები უბრალოდ სასაცილოა".

აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვების საპასუხოდ, "ვალენსიამ" შემდეგი მიმართვა გაავრცელა: "ხუან კალა, შენი არ გვჯერა".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები