ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს

14 მარტი 2021

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ესპანეთი დაამარცხა. 

პირველი ლელო შეხვედრის დებიუტში, მეოთხე წუთზე დაიდო. სტუმრები თორნიკე ჯალაღონიამ დააწინაურა. გარდასახვა ზუსტად შეასრულა თედო აბჟანდაძემ. ესპანელებმა წონასოწორობის აღდგენა სამიოდე წუთში მოახერხეს. ლინკლატერის ლელო გუემესმა გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაიტანეს და დიდ შესვენებაზე 10-10 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში ესპანელთა დამრტყმელმა გუემესმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა და პირენეელები წინ სამი ქულით გაიყვანა. ამ მომენტიდან ერთი წუთის შემდეგ, 45-ე წუთზე, გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძის შესანიშნავ გარღვევას აკაკი ტაბუცაძის ლელო მოჰყვა და ქართველებმა უპირატესობა დაიბრუნეს. 59-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სტუმართა უპირატესობა ხუთქულიანი გახადა. სხვაობის შემცირება ესპანელთაგან ერთადერთი ლელოს ავტორმა, ლინკლატერმა მოახერხა, რომელმაც ამჯერად ზუსტი საჯარიმო დაარტყა. ამ მომენტიდან რამდენიმე წამში, ჯაბა ბრეგვაძემ ქართველთა მესამე ლელო მიითვალა. მორიგი გარდასახვა შეასრულა ზუსტად თედო აბჟანდაძემ. საბოლოო ანგარიში კი ლინკლატერმა დააფიქსირა. მან კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმის რეალიზება შეძლო, თუმცა ეს ქულები ესპანელებს აღარ ეყოთ. 25:19 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ლევან მაისაშვილის გუნდი მიმდინარე გათამაშებაში დაუმარცხებელია. ''ბორჯღალოსნებს'' ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები