ბორჯღალოსნების შემადგენლობა მარტის თამაშებისთვის ცნობილია

04 მარტი 2021

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის მოემზადება.

„ეს შემადგენლობა ოთხივე თამაშისთვის მოიაზრება, თუმცა შესაძლოა იყოს მცირე ცვლილებები. ესპანეთთან მატჩისთვის შემოგვიერთდება მიხეილ ნარიაშვილი. წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ვცდილობთ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა გვყავდეს. ფრანგულ კლუბებთან მიმართებაში არის მცირე პრობლემები, არავის უნდა მოთამაშის ნაკრებში გაშვება. რადგან ოფიციალური ფანჯარაა, არავის აქვს მოთამაშის დაკავების უფლება, მაგრამ ხისტი მიდგომა სამომავლოდ ისევ ჩვენს მორაგბეებს აზარალებს და ვცდილობთ ლავირებას, რათა ეს თავიდან ავიცილოთ“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე გუნდი კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ჩაერთვება.

ბორჯღალოსნები პირველ ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ და მათგან სამს სტუმრად – 6 მარტს, საქართველოს დროით 19 საათზე პორტუგალიას ლისაბონში ვერკინებით; 14 მარტს 15:45 საათზე ესპანეთს მადრიდში ვეწვევით; 20 მარტს 15 საათზე რუსეთს კალინინგრადში ვეთამაშებით; 27, ან 28 მარტს რუმინეთს ვუმასპინძლებთ, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ჰოლანდიას შორის გამარჯვებულთან გავმართავთ.

თბილისის ჯგუფი „შევარდენზე“ ემზადება

საერთო შეკრების დაწყებამდე, ტრადიციულად, ადგილობრივი ჯგუფი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და ერთი კვირაა ფიზიკური და ტექნიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობს. შეკრებაზე ჯერ არ არიან ‘ბათუმისა’ და ‘აიას’ მოთამაშეები, რომლებიც მე-10 ტურის შეხვედრას ხვალ გამართავენ და ნაკრების კანდიდატები შეკრებაზე ამის შემდეგ გამოცხადდებიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო კვირაში მოთამაშეების ფიზიკური კონდიციები სასურველ დონეზე იყოს და ეს შეკრება ამას ემსახურება. კვირას ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ მორაგბეები შემოგვიერთდებიან და ორშაბათ გამთენიისას პორტუგალიაში მივემგზავრებით“ – ამბობს მაისაშვილი და განაგრძობს:

„პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ადგილზე დავრჩებით და ესპანეთთან თამაშისთვის მოვემზადებით. ესპანეთს კვირას ვეთამაშებით, რის შემდეგაც თბილისში ვბრუნდებით, ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვექნება და პარასკევს კალინინგრადში მივფრინავთ, სადაც შაბათს რუსეთს შევხდებით. ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის, თუმცა ამ ეტაპზე უმჯობესია ოთხი თამაში მიყოლებით გვქონდეს, ვიდრე მოთამაშეები ერთი კვირით კლუბებში გავუშვათ და დამატებითი პრობლემები შევქმნათ“.

ოთხი უკეპო

გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი უკეპო მოთამაშეა. მათგან ორი ბურჯია – ‘რასინგ 92’-იდან გია ხარაიშვილი და ბოლნისის ‘ყოჩებიდან’ ნიკა აბულაძე. შეკრებაზე ადრეც ყოფილან, თუმცა სანაკრებო კვართით ჯერ არ უთამაშიათ ‘ბრივის’ მესამეხაზელ ირაკლი ცხადაძეს და ‘აიას’ მგეზავ გიორგი ბაბუნაშვილს.

მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ეცდება სათამაშო დრო ყველა მორაგბეს მისცეს:

„ხარაიშვილს 20-წლამდელთა ნაკრებიდან კარგად ვიცნობთ. ის ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაშია და მისი საქმეში ხილვა საინტერესო იქნება“.

„რატომღაც ისე მოხდა, რომ პირველი ნომრის პოზიციაზე დიდი სიღრმეები და არჩევანი არ გვაქვს. ნიკა აბულაძეს უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ამ სეზონში მისი ყველა თამაში ვნახე. ისიც კარგ ფიზიკურ ფორმაშია, გამოირჩევა კუნთის მასით და ძალით, კარგად დგას შერკინებაში, ასევე კარგად მიაქვს ბურთი დინამიკაში და ძლიერია ბოჭვებსა და მოლში. ერთადერთი ისაა, რომ არ აქვს არანაირი საერთაშორისო გამოცდილება და ვეცდებით მას ამის შესაძლებლობა მივცეთ. ის დიდ 10-ში თავის პოზიციაზე უდაოდ საუკეთესოა, თუმცა ჩვენი ჩემპიონატისა და საერთაშორისო მატჩების ტემპი განსხვავდება და ვეცდებით ვარჯიშებზე მისი საერთო ფიზიკური კონდიციების ამოწევას“.

„ბაბუნაშვილი ნაკრებში მილტონ ჰეიგის დროსაც რამდენჯერმე გვყავდა გამოძახებული, მაგრამ ტრავმებმა თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა. ის დიდ 10-ში გამორჩეული მგეზავია, ძალიან კარგ ფორმაშია და თუ საშუალება მოგვეცემა, თამაშის საშუალება აუცილებლად ექნება. წინა შეკრების შემდეგ მან ყველა იმ დავალებაზე იმუშავა, რაც მიცემული ჰქონდა და შანსს აუცილებლად იმსახურებს“.

„20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ ირაკლი ცხადაძეს. ტრავმებმა ისიც გააწამა, მაგრამ ძალიან მშრომელი ბიჭია და რომელიმე თამაშში შანსი აუცილებლად ექნება“.

„პორტუგალიას შანსი არ უნდა მივცეთ“

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიას პარიზში ვეთამაშეთ და მისგან ყველაზე მეტი, 24 ქულა მივიღეთ, საბოლოოდ კი 39:24 ვიმარჯვეთ. მაისაშვილი ამბობს, რომ მომავალი თამაშისთვის გუნდი წარსულ გამოცდილებას გაითვალისწინებს:

„პორტუგალია სწრაფი გუნდია და მოწინააღმდეგის შეცდომებზე სწრაფად რეაგირებს. პარიზში გამართული თამაშის დროს ეს უშუალოდ ჩვენს თავზე გამოვცადეთ და გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. ეს კარგი გაკვეთილი იყო და ამისათვის მზად ვიქნებით. ჩვენ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდი ვართ და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“.

გაფართოებული შემადგენლობა მარტის თამაშებისთვის

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (უკეპო), გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), ლაშა ჯაიანი (7 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (უკეპო), მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (1 კეპი); თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი (3 კეპი).

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები