კამპაცო - NBA-ში საოცარ დაცვას თამაშობენ

26 თებერვალი 2021

''დენვერ ნაგეთსის'' არგენტინელმა ფლეიმეიქერმა, ფაკუნდო კამპაცომ EuroHoops-თან NBA-ში არსებულ დაცვაზე ისაუბრა. ის დონჩიჩის კომენტარს გამოეხმაურა, როცა სლოვენიელმა თქვა, რომ ქულების დაგროვება მისთვის აშშ-ში უფრო ადვილია, ვიდრე ევროპაში.

''მე წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ თქვა ასე ლუკამ. ის უნიჭიერესი მოთამაშეა, მაგრამ NBA-ში საოცარ დაცვას თამაშობენ. მე ჯოჯოხეთის გამოვლა მიწევს, როცა ჩემს წინააღმდეგ დაცვაში თამაშობენ. ხშირად ვლოცულობ კიდეც. ლიგაში არსებული სამი წამის წესის წყალობით, შეტევაში შედარებით მეტი სივრცე გრჩება, თუმცა აქ ბევრად უფრო ათლეტური მოთამაშეები არიან და წამი სჭირდებათ, რომ დაზღვევაზე გადმოვიდნენ. ამბობენ, რომ აქ დაცვას არ თამაშობენ. მე კი ვამბობ: თამაშობენ, თანაც ძალიან კარგად'' - განაცხადა ''ელ მაგომ''.

ფაკუნდო კამპაცომ კარიერის 7 წელი ესპანურ ლიგა ენდესაში გაატარა. ის მადრიდის ''რეალიდან'' ''დენვერ ნაგეთსში'' გასული წლის ნოემბერში გადავიდა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები