ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელიც ოლიმპიადაზე იასპარეზებს

23 თებერვალი 2021

თელ-ავივში გამართულ თელ-ავივის გრანდ სლემზე, ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და იგი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს მედალი მოუპოვა.

გარდა ამისა, ეს გამარჯვება ისტორიული გამოდგა რადგან, ეთერ ლიპარტელიანმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 7 პოზიციით დაწინაურდა. ლიპარტელიანმა 28 ადგილიდან 21 ადგილზე გადაინაცვლა და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

ეთერ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე იქნება პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც ოლიმპიადაზე ასპარეზობას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადაზე (2016 წელს) საქართველოს ნაკრების სახელით ქალებში ასპარეზობდა ნიდერლანდელი – ესტერ სტამი.

ამ ისტორიულ ფაქტს, სოციალურ ქსელში ეთერ ლიპარტელიანი თავად გამოეხმაურა:

"მოგესალმებით მეგობრებო.

პირველ რიგში სანამ სათქმელზე გადავიდოდე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და გულშემატკივრობისთვის.

ასევე მინდა სასიხარულო ამბავი გაცნობოთ..

მოგახსენებთ, რომ თელავივის გრანსლემზე მოვიპოვე მესამე ადგილი. ეს ისტორიული მედალია, რადგან აქამდე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებს არ მოუპოვებია მაგავსი წარმატება, ორმაგად სასიხარულოა ეს ფაქტი ჩემთვის, რადგან ამ მედალმა ოლიმპიური ლიცენზია მომაპოვებინა და ის უკვე ჩვენია!

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა ჩემი წარმატების მოპოვებაში. ასევე არ შემიძლია, არ ვახსენო ჩემი მწვრთნელები, რომლებიც ყველფერს აკეთებენ ჩვენი წარმატებისთვის და დღე და ღამ ორიენტირებულნი არიან ჩვენზე და ჩვენს განვითარებაზე. მადლობას გიხდით კახა და გია მასწავლებლებს, ამ ყველაფრისთვის.

აქვე მინდა ვახსენო უმაგრესი ადამიანი ირაკლი ხმელიძე, რომელიც ყველანაირად გვერდში გვიდგას. ბატონმა ირაკლიმ თითქმის ყველა ძიუდოისტის სუსტი და ძლიერი მხარეები იცის, რაც ჩვენთვის დამატებითი ძლიერი მხარეა და მისი სწავლებითა და ფსიქოლოგიური გამხნევებით ყოველთვის მივდივართ წინ და მხოლოდ წინ.

არ შემიძლია, არ დავაფასო ჩვენი სპორტის ექიმებიც, რომლებიც ყველფერს აკეთებენ ჩვენთვის. რაც არ უნდა დაგვჭირდეს ყოველთვის ჩვენს გვერდში არიან. სამადლობელი სიტყვები არ დამელევა, არ დავიღლები თქვენი ქებითა და ხსენებით.

მიყვარხართ და გაფასებთ ყველას".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები