ხუთი მედლის შანსი გრანდ სლემის ბოლო დღეს

20 თებერვალი 2021

თელ-ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღეს, ფინალურ ბლოკში ასპარეზობის უფლება ექვსმა ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა. 

-90 კგ.-ში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ფინალში გასვლა მოახერხა. იქ მისი მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება. ამავე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს შეუტევს ბექა ღვინიაშვილი. მისი მეტოქე აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი იქნება.

-100 კილოგრამში ქართულ დელეგაციას ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს. მესამე ადგილისათვის ერთმანეთს ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე დაუპირისპირდებიან.

მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში იასპარეზებს გელა ზაალიშვილი. მისი მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონი, რუსეთის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი იქნება. რაც შეეხება ქართულ ნახევარფინალში დამარხებულ გურამ თუშიშვილს, ის ბრინჯაოს მედალს შეუტევს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ქართული დელეგაციის ანგარიშზე სამი მედალია - 2 ბრინჯაო და 1 ვერცხლი.

ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სილქ უნივერსალის ეთერში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები