ორი ბრინჯაოს შანსი

19 თებერვალი 2021

თელ-ავივის გრანდ სლემის მეორე დღეს, საქართველოს ნაკრებს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ფინალურ ბლოკში ასპარეზობის უფლება ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე -73 კგ.) მოიპოვეს. 

ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში შვეიცარიელ ნილს სტუმპს იპონით აჯობა. შემდეგ იყო ბულგარელი მარკ ჰრისტოვი, რომელსაც ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვაზარით სძლია. მეოთხედფინალურ სტადიაზე ლაშამ ევროპის ჩემპიონი - ტომი მაციასი დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე იტალიელი ჯოვანი ესპოსიტო გაახლდათ. მძიმე ბრძოლაში გამარჯვება იტალიელს დარჩა. ჩვენებური კი ბრინჯაოსათვის ბრძოლაში ჩაერთო. მედლისათვის შეხვედრას ლაშა შავდათუაშვილი მასპინძელთა ფავორიტის - ტოჰარ ბუტბულის წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება ნუგზარ ტატალაშვილს. ეს მისი პირველი ტურნირია -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 2016 წლის შემდეგ. ტატალაშვილმა პირველ წრეში გერმანელ ლუკაშ  ვენეკოლდს აჯობა იპონით. მეორე შეხვედრაში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - ფაბიო ბაზილე იპონით დაამარცხა . მეოთხედფინალურ სტადიაზე ნუგზარის მეტოქე ბელარუსი ვაძიმ შოკა იყო. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. იქ მისი მოწინააღმდეგე რუმინელი ალექსანრდუ რაიკუ იყო. მძიმე ბრძოლაში გამარჯვება რუმინელს დარჩა. ტატალაშვილი კი თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად იასპარეზებს მედლისათვის, -73 კილოგრამში. ბრინჯაოსათვის ბრძოლაში ნუგზარს ევროპის ჩემპიონი - ტომი მაციასი დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა სილქ უნივერსალის პირდაპირ ეთერში და Ippon.tv-ზე იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები