რუსეთის მწვრთნელი: თუ საქართველოს ნაკრებს დავამარცხებთ, პუტინს შევხვდები და გმირის წოდებას ვთხოვ

27 იანვარი 2021

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის პირველ დაპირისპირებას, რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავს.

ცნობილი რუსული სარაგბო საიტი “rugger.info”, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის – ლინ ჯონსის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს:

– შეგიძლიათ დაასახელოთ 3 კომპონენტი, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აღემატება რუსეთის ნაკრებს?

“პირველი – ფიზიკური მომზადება. მეორე – რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს საშუალება მიეცა ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან თამაშის და მათ დიდი გამოცდილება მიიღეს. მესამე – ქართველები რუსეთთან არასდროს დამარცხებულან და ფსიქოლოგიურად ისინი ბევრად ძლიერები არიან, მაგრამ მე რუსეთის ნაკრებში ვარ იმიტომ, რომ მორაგბეებს დავუნერგო ის ფსიქოლოგია, რითაც ქართველების დამარცხებას შეძლებენ”.

– რა გეგმა გაქვთ, რა სქემით ითამაშებთ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ? 

“რა თქმა უნდა, გეგმა გვაქვს, თუმცა ამას ახლა ვერ ვიტყვი. ეს ჩვენი დიდი გეგმის ნაწილია. თითოეულმა მორაგბემ იცის, თუ როგორი რთული თამაში გვექნება საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. თუ კარგად ვითამაშებთ და ყველა შანსს გამოვიყენებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ”.

– თუ საქართველოს ნაკრებს დაამარაცხებთ, თავს გადაიპარსავთ? 

“არა, თავს არ გადავიპარსავ, მაგრამ თუ ქართველებს დავამარცხებთ, მინდა შევხვდე ვლადიმერ პუტინს, რომ გადმომცეს გმირის წოდება, ისევე როგორც იური გაგარინს”.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით, 15:00 საათზე გაიმართება.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები