საქართველოს ნაკრებმა დოჰას მასტერსის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა

13 იანვარი 2021

დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიო მასტერსზე, საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა. ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე 5 მედალი დაგროვდა. 

პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზეა. -66 კგ.-ში მოასპარეზე ძიუდოისტმა ბრინჯაო მოიპოვა.

მეორე საშეჯიბრო დღეს მსოფლიო ძიუდოს ამომავალმა ვარსკვლავმა - ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ.) გაიბრწყინა და ოქროს მედალს შესანიშნავ სტილში დაეუფლა.

დასკვნით საშეჯობრო დღეს, -90 კგ-ში ქართველებს ორი მედალი ერგოთ. ლაშა ბექაურმა შესანიშნავი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა და კარიერაში მეორედ მოიპოვა მედალი მასტერსის ტურნირზე. ბექა ღვინიაშვილმა კი ძალიან კარგად ჩატარებული ტურნირი ვერცხლით დაასრულა. ის ფინალურ სტადიაზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ნოელ ვან ტ'ენდთან დამარცხდა.

უმაღლეს დონეზე ჩაატარა ტურნირი -100 კგ.-ში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა. ფინალურ ორთაბრძოლაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს მოუგო და კარიერაში მესამედ მოიპოვა ოქროს მედალი ძიუდოს მსოფლიო მასტერსზე.

ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაგროვდა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ქართველები მხოლოდ კორეელებს ჩამორჩნენ, რომელთა ანგარიშზეც 3 ოქროს მედალია.

ქალთა შორის გუნდური ჩათვლა პირველ ადგილზე ფრანგებმა დაასრულეს. მათ ანგარიშზე 4 ოქროს, 1 ვერცხლისა  და 1 ბრინჯაოს მედალია. გოგონათა მონაგარს ტედი რინერის ოქროს მედალიც დაემატა და, ამგვარად, ფრანგმა სპორტსმენებმა საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დაიკავეს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები