წლის პირველი საერთაშორისო ტურნირის, დოჰას მასტერსის დასკვნით დღეს, საქმეში მძიმეწონოსნები ერთვებიან. ასპარეზობა ქალთა შორის 78 და +78, ხოლო მამაკაცთა შორის - 90, -100 და +100 კგ. წონით კატეგორიებში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების ღირსებას 6 სპორტსმენი დაიცავს. -90 კგ.-ში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური გამოვლენ. ღვინიაშვილი პირველ შეხვედრას შვედ ევროპის ჩემპიონ მარკუს ნაიმანთან გამართავს, ხოლო ბექაური - ებრაელ ლი კოხმანთან.
-100 კგ.-ში ხუთჯვრიანი დროშის ღირსებას გუნდის კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავს. მისი პირველი მეტოქე რუს ნიაზ ბილალოვსა და ბელარუს დანიელ მუკეტეს შორის გამარჯვებული იქნება.
სამი წარმომადგენელი გვეყოლება მძიმე წონაში: გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი უძლიერეს ძიუდოისტთა შორის იასპარეზებენ. თუშიშვილი პირველ შეხვედრაში რუს ანტონ კრივობოკოვს დაუპირისპირდება. კუბელი მეტოქე - ენდი გრანდა ეყოლება პირველ შეხვედრაში გელა ზაალიშვილს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში თანამედროვეობის უძლიერეს მძიმეწონოსანს - ტედი რინერს დაუპირისპირდება. ლევან მატიაშვილის მეტოქე უზბეკი ბეხმუროდ ოლტიბოევი იქნება.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ორი მედალია - 1 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი -81) 1 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი, -66).
მესამე საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები 11:00-ზე დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა ippon.tv-ზე იქნება შესაძლებელი.