ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს პრესტიჟული ტურნირი - ძიუდოს მსოფლიო მასტერსი. შეჯიბრების მეორე დღეს იასპარეზებენ -63, -70, -73 და -81 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები.
საქართველოს ნაკრების ღირსებას სამი ქართველი დაიცავს. -73 კგ.-ში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე ებრაელი ტოჰარ ბუტბული იქნება.
-81 კგ.-ში ჩვენს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება - ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი და მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი - ლუკა მაისურაძე. გრიგალაშვილი პირველ შეხვედრაში უნგრელ ვეტერანს - ატილა უნგვარის დაუპირისპირდება. რაც შეეხება მაისურაძეს, მას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი - საიდ მოლაი დაუპირისპირდება.
მასტერსის პირდაპირი ტრანსლაცია 12:00-ზე დაიწყება. შეხვედრების ხილვა Ippon.tv-ზე იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ პირველ საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვება ვაჟა მარგველაშვილმა მოახერხა.