საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა

21 ნოემბერი 2020

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.

ასპარეზობის პირველ დღეს ჩვენს ნაკრებს მედალი არ მოუპოვებია, თუმცა რეალური შანსი ვაჟა მარგველაშვილს (-66 კგ.) ჰქონდა. მან ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრა მოლდოველ დენის ვიერუსთან დათმო.

ასპარეზობის მეორე დღეს, მედალს საქართველოს ნაკრების სამი წევრი შეწვდა. -73 კგ.-ში ლაშა შავდათუაშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მოლდოვის წარმომადგენელ ვიქტორ სტეპრუსთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

-81 კგ.-ში მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე ერთადერთი ოქროს მედალი. ტატო გრიგალაშვილმა შესანიშნავ სტილში დაამარცხა ივაილო ივანოვი და კარიერაში პირველი ევროპის ჩემპიონატი ოქროთი დაასრულა. კარგად იასპარეზა ამავე წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა ლუკა მაისურაძემაც.  ქართულ მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ, მაისურაძემ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და კარიერაში მეორედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვება.

-90 კგ-ში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. აქ ქართველი ძიუდოისტი სერბ მსოფლიო ჩემპიონ ნემანია მაიდოვთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. მედლისათვის შეხვედრაში მან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო.

+100 კგ.-ში საქართველოს ნაკრების ორივე წარმომადგენელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალში რუს მეტოქეებთან მარცხის შემდეგ, ჯერ თუშიშვილმა მოახერხა ოლიმპიური ჩემპიონის - ლუკაშ კრპალეკის იპონით ძლევა, შემდეგ შეხვედრაში კი ლევან მატიაშვილმა შეხვედრის ბოლო წამზე მოპოვებული იპონით დაამარცხა ავსტრიელი შტეფან ჰეგი.

საქართველოს ანგარიშზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი დაგროვდა. მამაკაცთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები