ევროპის ჩემპიონატი, დღე II - კიდევ სამი ქართველი საქმეში

19 ნოემბერი 2020

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისათვის წარუმატებელი გამოდგა. ძალები 4-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა, მედლის მოპოვება კი ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.

ჩემპიონატის მეორე დღეს ძალებს -73 და 81, და -63 და 70 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები მოსინჯავენ. 

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს. მისი პირველი მეტოქე გერმანელ ენტონი ცინგსა და უკრაინის წარმომადგენელ გევორქ ხაჩატრიანს შორის გამარჯვებული იქნება. მეოთხედფინალში იკვეთება ლაშასა და მისი უხერხული მეტოქის - პირველ ნომრად განთესილი რუსტამ ორუჯოვის გზები. 

B ბადეში ებრაელი ტოჰარ ბუთბული და იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი - ფაბიო ბაზილე იასპარეზებენ. მათი გზები, სავარაუდოდ, მეოთხედფინალში გადაიკვეთება.

საინტერესო სპორტსმენებმა მოიყარეს თავი ბადის ქვედა მხარესაც. C ბადეში თურქი ბილალ ჩილოღლუ და გერმანელი იგორ ვანტკე გამოსარჩევი მონაწილეები არიან. 

D ბადეში იასპარეზებენ ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ტომი მაციასი და ევროპის 2018 წლის ჩემპიონი - ფერდინანდ კარაპეტიანი. ასევე ფრანგი გიუომ შეინი და შვეიცარიელი ნილს სტუმპი.

ფავორიტები: რუსტამ ორუჯოვი, ტომი მაციასი.
პრეტენდენტები: ლაშა შავდათუაშვილი, ფაბიო ბაზილე.
''შავი ცხენები'' - ფერდინანდ კარაპეტიანი, ბილალ ჩილოღლუ.

-81 კილოგრამში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება. ტატო გრიგალაშვილი პირველ შეხვედრაში იტალიელ კრისტიან პარლატის დაუპირისპირდება. ლუკა მაისურაძის პირველი მეტოქე კი მოლდოველი ნიკოლ ზაბოროსკიუჩი იქნება. ცუდი ის არის, რომ ორი ახალგაზრდა ქართველის გზა მეოთხედფინალში იკვეთება და უდიდესია იმის ალბათობა, რომ გრიგალაშვილი და მაისურაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი - ბელგიელი მატიას კასეა განთესილი. ნახევარფინალში გაღწევის შემთხვევაში, მას შესაძლოა ლუკა მაისურაძესთან ან ტატო გრიგალაშვილთან შეხვედრა მოუწიოს. მანამდე კი, შესაძლოა კასესა და კიდევ ერთი ქართველის, ანრი ეგუტიძის გზები გადაიკვეთოს. ეგუტიძე, როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიის დროშის ქვეშ ასპარეზობს.

C ბადეში ბუდაპეშტის გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი - თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) იასპარეზებს. მას ჯგუფში ბულგარელი ივაილო ივანოვი ჰყავს.

D ბადეში ფრანკ დე ვიტი, ანტონიო ესპოსიტო, ალექსიოს ნტანაციდისი და სხვა საინტერესო ძიუდოისტები მოიყრიან თავს.

ფავორიტები: მატიას კასე, ლუკა მაისურაძე.
პრეტენდენტები: ტატო გრიგალაშვილი, ვედათ ალბაირაქი.
''შავი ცხენები'' : ფრანკ დე ვიტი, ივაილო ივანოვი.

-63 კილოგრამში პირველ ნომრად თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი ქალი ძიუდოისტი - კლარის აგბენენუა განთესილი. ფრანგი სპორტსმენი ევროპის ჩემპიონის ტიტულს კარიერაში მეხუთედ შეუტევს. 

B ბადეში იასპარეზებენ ნიდერლანდელი ჟულ ფრანსენი და რუსი დარია დავიდოვა. 

C ბადეში ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონი - სლოვენიელი ტინა ტრშტენიაკი იასპარეზებს. მის ქვეჯგუფშია ავსტრიელი მაგდალენა კრსაკოვა.

D ბადეში ბევრმა ძლიერმა ძიუდოისტმა მოიყარა თავი. საქმეში ვიხილავთ ევროპის ჩემპიონ მარტინა ტრაიდოსს, სლოვენიელ ანდრეა ლეშკის, პოლონელ აგატა ოზდობასა და ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგს.

ფავორიტები: კლარის აგბენენუ, ტინა ტრშტენიაკი.
პრეტენდენტები: მარტინა ტრაიდოსი, ჟულ ფრანსენი.
''შავი ცხენები'' - აგატა ოზდობა, ანდრეა ლეშკი.

-70 კილოგრამში პირველ ნომრად კიდევ ერთი ფრანგი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მარი ივ გაიეა განთესილი. მას პირველ შეხვედრაში ხორვატი ბარბარა მატიჩი დაუპირისპირდება.

B ბადეში იასპარეზებენ ნიდერლანდელი სანე ვან დაიკი და გერმანიის წარმომადგენელი, ჯოვანა სკოჩიმარო.

C ბადეში გამორჩეული ძიუდოისტი ფრანგი მარგო პინოა. აქვე არიან გერმანელი მირიამ ბუტკერაიტი და რუსი ალიონა პროკოპენკოც.

D ბადეში ავსტრიელი მიკაელა პოლიერესი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი - პორტუგალიელი ბარბარა ტიმო იასპარეზებენ.

ფავორიტები: მარი ივ გაიე, მარგო პინო.
პრეტენდენტები: სანე ვან დაიკი, ბარბარა ტიმო.
''შავი ცხენები'' : მიკაელა პოლიერესი, ალიონა პროკოპენკო.

წინასწარი შეხვედრები 20 ნოემბერს, თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Live.Ijf.Org-ზე იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები