უმედლო დღე ევროპის ჩემპიონატზე

19 ნოემბერი 2020

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე უმედლოდ დაასრულა. დღეს ძალები 4-მა ქართველამ მოსინჯა.

-60 კგ. წონით კატეგორიაში ტურნირის აწ უკვე ექსჩემპიონმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა იასპარეზა და ბულგარეთის წარმომადგენელ იანისლავ გერჩევთან პირველ ეტაპზე დამარცხდა.  ამ წონით კატეგორიაში ოქრო-ვერცხლი რუსეთში წავიდა. რობერტ მშვიდობაძემ იპონით დაამარცხა თანაგუნდელი - იაგო აბულაძე და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

-66 კილოგრამში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი იცავდა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონმა სამი შეხვედრის მოგება მოახერხა. პირველ ეტაპზე მან გამოცდილი რუსი - მიხაილ პულიაევი დაამარცხა. შემდეგ იყო რუმინელი ბორს დუმიტრესკუ და ფრანგი კილიან ლე ბლუში. ნახევარფინალში მარგველაშვილი ებრაელ ტალ ფლიკერთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ჩაერთო. მედლისათვის შეხვედრაში ვაჟას მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იყო. ქართველი ძიუდოისტი მძიმე ბრძოლაში მარგველაშვილი ვაზარით დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ამ წონაში ოქრო ორხან საფაროვს დარჩა, მან ფინალურ შეხვედრაში ებრაელ ტალ ფლიკერს იპონით სძლია.

ქალთა ფლანგზე ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52 კგ.) ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო. მან აზერბაიჯანელი გულთაჯ მამადალიევას მახრჩობელა ილეთით დამარცხება მოახერხა. მეორე წრეში კი ესპანელ ანა პერეს ბოქსთან იპონით დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. 

ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) პირველ წრეში ჩეხ ვერა ვერა ზემანოვას დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა. ამ წონით კატეგორიაში ოქრო უნგრელ ჰევიგ კარაკაშს დარჩა. მან ვეტერანი პორტუგალიელი - ტელმა მონტეირო დაამარცხა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები