ევროპის ჩემპიონატი, დღე I : პრევიუ

18 ნოემბერი 2020

19 ნოემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. შეხვედრები 13:00-ზე დაიწყება. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ოთხი წარმომადგენელი ეყოლება: ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ლუხუმ ჩხვიმიანი, ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის - ეთერ ლიპარტელიანი. განვიხილოთ პირველი დღის ფავორიტები და პრეტენდენტები და ''შავი ცხენები'' (ისინი, ვისგანაც სიურპრიზებს უნდა ველოდეთ):


-60 კილოგრამი წონითი კატეგორია შეიძლება რაღაც მომენტში საქართველოს ჩემპიონატში აგვერიოს. ვინაიდან ამ წონაში მრავალი სპორტსმენია წარმოშობით საქართველოდან. დავიწყოთ კონკრეტულად ჩვენი დროშის ქვეშ მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანით:

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქმეში საკამოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთვება. ჩხვიმიანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე ბულგარელ იანისლავ გერჩევსა და იტალიელ ბიაჯო დ'ანჯელოს შორის გამარჯვებული იქნება. ამ ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში კი არის შანსი, რომ ლუხუმი ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე ქართველს - თორნიკე ჭკადუას დაუპირისპირდეს, B ბადეში მასპარეზე ჩხვიმიანის ყველაზე რთული მეტოქე, სავარაუდოდ,  ასევე ზედა მხარეს მყოფი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იქნება, რომელიც თავის მხრივ, პირველ ნომრადაა განთესილი. აღნიშნული ძიუდოისტების შესაძლო დაპირისპირება (თუ ორივე მათგანი მოახერხებს გაღწევას) ნახევარფინალში შედგება. 

საინტერესოა ამ წონითი კატეგორიის ბადის ქვედა მხარეც. C ბადეში ესპანელი ფრან გარიგოსი და საფრანგეთის ნაკრების წევრი, ლუკა მხეიძე არიან. ამ ორი ძიუდოისტის სავარაუდო გადაკვეთის წერტილი მეოთხედფინალია. D ბადეშია ბუდაპეშტის გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონი, იაგო აბულაძე, რომელიც მშვიდობაძის მსგავსად რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობს.

ფავორიტები: ლუხუმ ჩხვიმიანი, რობერტ მშვიდობაძე. 
პრეტენდენტები: იაგო აბულაძე, ლუკა მხეიძე.
''შავი ცხენები'': ფრანსისკო გარიგოსი,  ვალიდ ხიარი.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. ქართველი ძიუდოისტი C ბადეში ასპარეზობს და პირველსავე შეხვედრაში რთული მეტოქე ელოდება - მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის ფინალისტი, მიხაილ პულიაევი. მისი დამარცხების შემთხვევაში, მარგველაშვილს ძალიან ძლიერი მეტოქეები ელიან. , ვაჟას სავარაუდო მეტოქეები ნიჯატ შიხალიზადე, კილიან ლე ბლუ და ევროპის ჩემპიონი ადრიან გომბოცი არიან.

ან წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იტალიელთა ერთ-ერთი მთავარი იმედი - მანუელ ლომბარდოა განთესილი. ახალგაზრდა ტალანტი პირველ შეხვედრას გამოცდილ აზერბაიჯანელთან, ორხან საფაროვთან გამართავს.  ამავე ბადეშია რუსეთის წარმომადგენელი და საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი, უნგრეთის გრანდ სლემის მოქმედი გამარჯვებული - აბდულა აბდულჟალილოვიც. 

B ბადეში ესპანელი ალბერტო გაიტერო, მოლდოველთა მთავარი იმედი - დენის ვიერუ და უკრაინის ნაკრების უცვლელი წევრი - გიორგი ზანთარაია არიან.

რაც შეეხება D ბადეს, აქ ებრაელთა ორივე წარმომადგენელმა მოიყარა თავი. წარმატების შემთხვევაში, ბარუხ შმაილოვი და ტალ ფლიკერი ერთმანეთს მეოთხედფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდებიან.

ფავორიტები: მანუელ ლომბარდო, აბდულა აბდულჟალილოვი.
პრეტენდენტები: დენის ვიერუ, ვაჟა მარგველაშვილი.
''შავი ცხენები'' : გიორგი ზანთარაია, ტალ ფლიკერი.

-48 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს. ამ წონით კატეგორიაში არ იასპარეზებს მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, დარია ბილოდიდიც. მის არყოფნაში პირველ ნომრად კოსოვოელი დისტრია კრასნიჩია განთესილი. ასევე A ბადეშია ახალგაზრდა ნიჭიერი ფრანგი - შირინ ბუკლი. 

B ბადეში მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი პრიზიორი, ესპანელი ლაურა მარტინესია. მას პირველი შეხვედრის გამართვა პორტუგალიელ რაკელ ბრიტოსთან მოუწევს და ''მეზობლის'' დამარცხების შემთხვევაში, ძალიან რთული შეხვედრა ელის. მას სერბ მილიცა ნიკოლიჩსა და რუს ირინა დოლგოვას შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება.

C ბადეში იასპარეზებს კიდევ ერთი ფრანგი, ძალიან გამოცდილი სპორტსმენი - მელანი კლემანი. ერთი შეხედვით, მას მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

D ბადეში პორტუგალიელ კატარინა კოშტას, სერბ ევროპის ჩემპიონს ახალგაზრდებს შორის, ანდრეა სტოიადინოვსა და სლოვენიელ მარუშა შტანგარს ვიხილავთ.

ფავორიტები: მელანი კლემანი, დისტრია კრასნიჩი.
პრეტენდენტები: შირინ ბუკლი, ირინა დოლგოვა.
''შავი ცხენები'' : ლაურა მარტინესი, ანდრეა სტოიადინოვი

-52 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ტატიანა ლევიცკა-შუკვანი დაიცავს. ის ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთვება და პირველ მეტოქედ აზერბაიჯანელი გულთაჯ მამადალიევა ეყოლება. მისი დამარცხების შემთხვევაში კი ესპანელი ანა პერესი.

ამ წონის პირველი ნომერი ოლიმპიური თამაშების მოქმედი ფინალისტი - იტალიელი ოდეტ ჯიუფრიდა იქნება. მთავარი კონკურენტის - კოსოვოელი მაილინდა კელმენდის არყოფნაში, იტალიელი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონის პირველ ტიტულს შეუტევს.  

B ბადის ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა ბელგიელი ძიუდოისტი, მრავალი საერთაშორისო ტურნირისა და ტოპ შეჯიბრების გამარჯვებული - შარლინ ვან სნიკია. სწორედ ჯიუფრიდა - ვან სნიკი შეგვიძლია მივიჩნიოთ დაანონსებულ ნახევარფინალად.

C ბადეში ევროპის ჩემპიონი - ნატალია კუზიუტინა და ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის მედალოსანი - რუმინელი ანდრეა კიცუ იასპარეზებენ.

ფავორიტები: ოდეტ ჯიუფრიდა, ნატალია კუზიუტინა.
პრეტენდენტები: შარლინ ვან სნიკი, ანდრეა კიცუ.
''შავი ცხენები'' : ასტრიდ გნეტო, ანა პერესი.

-57 კგ.-ში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე ჩეხი ვერა ზემანკოვა იქნება. ამ წონაში პირველ ნომრად ფრანგი სარა ლეონი სიზიკია განთესილი. მის ბადეშია სლოვენიელი კაია კაიზერი და ავსტრიელი ვეტერანი - საბრინა ფილცმოზერი. 

B ბადეში ვეტერანი პორტუგალიელი, კონტინენტური პირველობების 12-გზის პრიზიორი და მსოფლიო ჩემპიონატების 4-ზის ფინალისტი, ტელმა მონტეირო იასპარეზებს.მის ჯგუფშია აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლარისა ფლორიანიც.

D ჯგუფის გამორჩეული ძიუდოისტები უნგრელი ჰედვიგ კარაკაში და რუსი დარია მეჟეცკაია არიან.

ფავორიტები: სარა ლეონი სიზიკი, ტელმა მონტეირო.
პრეტენდენტები: ჰედვიგ კარაკაში, კაია კაიზერი.
''შავი ცხენები'' : ეთერ ლიპარტელიანი, დარია მეჟეცკაია.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები