ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 3 მედალი მოიპოვეს

09 ნოემბერი 2020

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ დღეს, ძალები ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა.

-60 კგ. - წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა იასპარეზეს. ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან სერბი ნემანია მილიჩისა და აზერბაიჯანელი იაფარ ნაჯაფოვის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კონსტანტინ  სიმეონიდისის წინააღმდეგ იასპარეზა. რუსეთის სახელით მოასპარეზე სიმეონიდისმა პაპინაშვილის დამარცხება მოახერხა და ფინალში გავიდა. ჩვენებური ძიუდოისტი კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. იქ მისი მეტოქე  იტალიელი ალესანდრო არამუ იყო. პაპინაშვილმა იპონით იმარჯვა და ბრინჯაო მოიპოვა.

რაც შეეხება თემურ ნოზაძეს, მან ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა. მან სლოვენიელი დალიბორ დურკოს,  რუმინელი ლეჰოლ ორბანისა და აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვის დამარცხება მოახერხა, რის შემდეგაც ფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე ჯაბა პაპინაშვილის დამმარცხებელი სიმეონიდისი იყო. რუსი მეტოქის დამარცხება ვერც თემურ ნოზაძემ მოახერხა. ჩვენებური იპონით დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

-66 კგ. წონით კატეგორიაში მედლებისათვის ორი ქართველი იბრძოდა: ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი თუთაშვილი. გიორგი თუთაშვილი ასპარეზობას ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა. რაც შეეხება ნინიაშვილს, მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან უკრაინელი დანილო ხლოპეცკი და ფრანგი ბენჟამინ გომესი დაამარცხა, რის შემდეგაც ნახევარფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი იყო. ქართველი ძიუდოისტი მეტოქესთან იპონით დამარცდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო. მედლისათვის შეხვედრაში მისი მოწინააღმდეგე ადრიან ნიეტო ჩინარო იყო. ნინიაშვილმა შეხვედრა იპონით მოიგო და ბრინჯაოს დაეუფლა. 

ამრიგად, საქართველოს ნაკრების მონაგარი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ დღეს 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები