ოქროს ბუცისათვის მებრძოლთა TOP 10 - ლევანდოვსკი მე-2 ადგილზეა

27 ოქტომბერი 2020

მოგეხსენებათ, "ოქროს ბუცი" ევროპის მასშტაბით საუკეთესო გოლეადორს გადაეცემა, ხოლო იმისთვის, რომ ხსენებული ჯილდოს მოპოვების შანსები გათანაბრდეს, გოლი ყველა ლიგაში ერთნაირი ქულებით არ ფასდება.

მაგალითად, ევროპის TOP 5 ლიგაში გატანილი ბურთი - 2-ით, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში, ნიდერლანდების ერედივიზიონსა და თურქეთის სუპერ ლიგაში - 1.5-ით, ხოლო სხვა დაბალი დონის ჩემპიონატებში 1 ქულით ფასდება.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ინგლისიდან "ოქროს ბუცის" მოგების კანდიდატთა შორის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი - რობერტ ლევანდოვსკი იმყოფება. პოლონელი თავდამსხმელი, ფრანკფურტის "აინტრახტთან" შესრულებული ჰეთ-თრიქის წყალობით, მეორე ადგილს იკავებს.

სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. რაუნო საპინენი ("ფლორა"): 22 გოლი - 22 ქულა

2. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"): 10 გოლი - 20 ქულა

3. ტოტე ("ნორკიოპინგი"): 13 გოლი - 19.5 ქულა

4. იასპერ კარლსონი ("ელფსბორგი"/"ალკმაარი"): 13 გოლი - 19.5 ქულა

5. ამაჰი პელეგრინო ("კრისტიანსანდი"): 19 გოლი - 19 ქულა

6. სტივენ ლენონი ("ჰაფნარფჯორდური"): 17 გოლი - 17 ქულა

7. მაქსიმ სკავიში ("ბატე"): 17 გოლი - 17 ქულა

8. ისააკ თელინი ("მალმიო"): 11 გოლი - 16.5 ქულა

9. სტეფანო ვეჩა ("სირიუსი"): 11 გოლი - 16.5 ქულა

10. ნაჰირ ბესარა ("ორებრო"): 15 გოლი - 15 ქულა

ბევრისთვის მოულოდნელად, პრეტენდენტთა შორის აღნიშნული ტიტულის ყველაზე მეტგზის (6-ჯერ) გამარჯვებული, ლეო მესი ვერ მოხვდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო. ამ დროისათვის, არგენტინელს 5 მატჩში 1 ბურთი აქვს გატანილი. პრიმერა დივიზონის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს კი, 4-4 გოლით ლუის სუარესი, ანსუ ფატი, მიკელ ოიარსაბალი, პაკო ალკასერი და პორტუ იყოფენ.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ კილიან მბაპე, რომელსაც "ოქროს ბურთისათვის" ბრძოლა შეუძლია. ამჟამად ფრანგი 6 გოლით 36-ე პოზიციაზე იმყოფება. იგივე შედეგი აქვს მოჰამედ სალაჰსაც, რომელიც კილიანს 3 ადგილით ჩამორჩება. რაც შეეხებათ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდსა და ჰარი კეინს, ისინი 5-5 გოლით 78-ე და 79-ე პოზიციებს ინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული პრიზისათვის ბრძოლაში მოთამაშეებს ჩემპიონთა ლიგაზე ან თასების შეხვედრებზე გატანილი ბურთები ვერ დაეხმარებათ. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გამარჯვებული ის გახდება, ვინც უფრო ნაკლები წუთი ითამაშა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები