ბრაზილიამ ბოლივია გაანადგურა

10 ოქტომბერი 2020

დღეს გამთენიისას, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ბოლივიას უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. ''პენტაკამპეონესმა'' 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი შესანიშნავ სტილში მოიგო.

ტიტეს გუნდმა მეტოქის განადგურება მე-16 წუთზე დაიწყო. დანილოს მიერ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ''სელესაოს'' ცენტრალურმა მცველმა - მარკინიოსმა დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. სხვაობის ორ ბურთამდე გაზრდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებისა და ''ლივერპულის'' ფორვარდმა - რობერტო ფირმინომ მოახერხა. მან რენან ლოდის ჩაწოდებით ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. ტიტეს შეგირდებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

ბრაზილია მეორე ტაიმშიც ძალიან მოტივირებული ჩაერთო. მატჩის 49-ე წუთზე, ნეიმარ ჟუნიორის გამჭოლი გადაცემით კვლავ რობერტო ფირმინომ იხეირა და დუბლი გაიფორმა. მესამე გოლიდან 17 წუთში, ბრაზილიის მწვავე შეტევას ავტოგოლი მოჰყვა. ბურთი საკუთარ კარში ბოლივიელთა ნახევარმცველმა - ხოსე კარასკომ ჩაჭრა. შეხვედრაში წერტილი ფილიპე კოუტინიომ დასვა, რომელმაც ნეიმარის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი თავით ზუსტად გადაგზავნა კარლოს ლამპეს კარში და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

''სელესაო'' პირველი საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ პირველ ადგილს იკავებს. ტიტეს გუნდს 3 ქულა და ბურთების შეფარდება 5:0-ზე აქვს. შემდეგ შეხვედრას ბრაზილიელები პერუს წინააღმდეგ, 14 ოქტომბერს გამართავენ.
 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები