იელიჩმა 9 წლით გაახანგრძლივა

07 მარტი 2020

თანამედროვე ბეიზბოლის ერთ–ერთი მთავარი ვარსკვლავი, კრისტიან იელიჩი, „მილუოკის“ შემადგენლობაში კიდევ 9 წელიწადი დარჩება.

28 წლის სუპერვარსკვლავი, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, საკმაოდ მოკრძალებულ ხელფასზე დათანხმდა. 9 წლის განმავლობაში, ბონუსების გათვალისწინებით, იელიჩი 215 მილიონს მიიღებს, რაც „მილუოკის“ დაუტოვებს მის ირგვლივ გუნდის აწყობის ბიუჯეტს.

ამ ეტაპზე, ლიგაში უკვე 14 მოთამაშეა, ვისაც იელიჩზე უკეთესი ხელფასი აქვს: გერიტ კოული, სტივენ სტრასბური, მაიკ ტრაუტი, ზაკ გრეინკე, ნოლან არენადო, ჯასტინ ვერლანდერი, მიგელ კაბრერა, დეივიდ პრაისი, კლეიტონ კერშოუ, მაქს შერზერი, ჯეიკობ დეგრომი, ენტონი რენდონი, მენი მაჩადუ და ენტონი სესპედესი.

იელიჩი, რომელიც „მაიამი მარლინზმა“ 2017 წელს გაცვალა, ხორვატულ–იაპონური წარმოშიბისაა. „ბრიუერზის“ აუტფილდერი, 30 წლამდე მოთამაშეებში, ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი ბეიზბოლისტია. ის იყო 2014 წლის თავის პოზიციაზე საუკეთესო დამცველის, ოქროს ხელთათმანის მფლობელი, 2017 წლის საუკეთესო შემტევის ტიტულის, ვერცხლის ბიტის მფლობელიც. 2018 წელს, ის გახდა ნაციონალური ლიგის MVP, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილზე გავიდა.

ახალი კონტრაქტიდან გამომდინარე, იელიჩი, სავარაუდოდ, კარიერის ბოლომდე აღარ გავა თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები