ჯოკოვიჩი: ,,ვაქცინაციის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ''

15 თებერვალი 2022

გრანდ სლემების 20-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, BBC-სთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა მზად, გამოტოვოს როლან გაროსი და უიმბლდონი ვაქცინაციასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო:

,,დიახ, ეს ის საფასურია, რის გადასხდელაც მზად ვარ. ვაქცინაციის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არჩევანის თავისუფლებას ყოველთვის მხარს ვუჭერდი. მესმის, რომ ვირუსის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო იბრძვის და იმედი მაქვს, პანდემია, რაც შეიძლება, მალე დასრულდება.''

ჯოკოვიჩმა, ასევე, განაცხადა, რომ ტურნირებზე ვაქცინაციის მოთხოვნის გაუქმებას მოუთმენლად ელის. მისი თქმით, მზადაა, ყველაზე მეტი გრანდ სლემის მოგების შანსი დათმოს:

,,საკუთარ სხეულზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული ან სხვა რამ. ვცდილობ, რამდენადაც შემიძლია, საკუთარ სხეულთან სრულ ჰარმონიაში ვიყო.''

გასულ თვეში ავსტრალიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ქვეყნიდან დაადეპორტეს. სერბმა ხუთ იანვარს მელბურნში სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა. ჯოკოვიჩი მესაზღვრეებს დაახლოებით 5 საათს ესაუბრა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ნოვაკს ვიზა გაუუქმდა, მან ვერ დაასაბუთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან გათავისუფლების სამედიცინო საფუძვლები. მსოფლიოს პირველი ჩოგანი იმედოვნებდა, რომ ტურნირში მონაწილეობას ვაქცინაციის გარეშე მიიღებდა, თუმცა საბოლოოდ ავსტრალიის ღია პირველობა მის გარეშე ჩატარდა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები